in ,

როგორ მივაღწიოთ კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდას – Yale-ის უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსი

Yale-ის უნივერსიტეტი უფასო ონლაინ კურსს გვთავაზობს, სახელად The Science of Well-Being, რომელიც გვასწავლის, როგორ მივაღწიოთ კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდას. კურსზე რეგისტრაცია დღეს იწყება და მას პროფესორი ლორი სანტოსი უძღვება. მან პირველი მსგავსი შინაარსის კურსი 2018 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგიასა და ცხოვრებით კმაყოფილებას ასწავლიდა სტუდენტებს, იმისათვის, რომ მათი დეპრესიის, შფოთვისა და სტრესის დონე შეემცირებინა. ეს იქცა ყველაზე პოპულარულ კურსად Yale-ის არსებობის 317 წლიან ისტორიაში (2018 წლისთვის) და შესაბამისად, ადგილობრივი, თუ მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიქცია. იმისათვის, რომ კურსის ფარგლებში გასავლელი მასალა ფართო საზოგადოებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სანტოსმა ის პლატფორმა Coursera-ზე განათავსა. ახლა კი მისი გავლა ნებისმიერ მსურველს, უფასოდ შეუძლია.

Yale მესამე უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აშშ-ში, მისი ისტორია 1701 წლიდან იწყება, ხოლო პროფესორ სანტოსის კურსი – The Science of Well-Being, აბსტრაქტულისა და კონკრეტულის სინთეზია. ის აერთიანებს პოზიტიურ ფსიქოლოგიას რეალურ ცხოვრების გამოწვევებთან და ქცევით მეცნიერებებთან. კურსი ფარავს შემდეგ თემებს – მცდარი წარმოდგენები ბედნიერების შესახებ, რატომ მოქმედებს ჩვენი მოლოდინები ჩვენს წინააღმდეგ, როგორ დავძლიოთ მიკერძოებული წარმოდგენები, რა გვხდის ბედნიერს და სტრატეგიების დანერგვა პრაქტიკაში. თითოეული მათგანის უკეთ ასათვისებლად, გამოყენებულია ვიდეოლექციების ფორმატი, ასევე, სპეციალური აქტივობები, რომელთა შესრულებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბედნიერების მომტანი ჩვევების დანერგვას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ კურსი თქვენგან მასალის წაკითხვას საერთოდ არ მოითხოვს. ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც კურსის ფარგლებში გჭირდებათ, ვიდეოლექციებშია თავმოყრილი. თუმცა, თუ ამა თუ იმ საკითხში უფრო ღრმად გარკვევა მოგინდებათ, სანტოსი შესაბამისი ბმულებითაც მოგამარაგებთ. გარდა ამისა, მართალია, კურსი დედლაინებს შემოგთავაზებთ, თუმცა მისი გავლისას დედლაინების შიში არ გმართებთ, რადგან თვითონ წყვეტთ, რა ინტენსივობით და როდის დაესწრებით მას. კურსის ფარგლებში, აქამდე ჩატარებულ კვლევებს თუ დავუჯერებთ, მისი გავლის შემდეგ განწყობის გაუმჯობესება და კეთილდღეობის განცდა გელოდებათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კურსის მიზანია კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდის მიღწევაში დაგეხმაროთ, შესაბამისად, ის გვერდს უვლის აკადემიურ წესებს.

აღსანიშნავია, რომ კურსის გავლა უფასოა, თუმცა, თუ სერთიფიკატის მიღება გინდათ და თქვენი მიზანი მხოლოდ კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდის მიღწევა არაა, არამედ კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტიც გჭირდებათ, ამისთვის 49 დოლარის გადახდა მოგიწევთ. კურსის დასრულების შემდეგ კი ის თქვენს გვერდზე გამოჩნდება, საიდანაც მის ამოპრინტერებას/ჩამოტვირთვას შეძლებთ. ფასიანი ვერსიის მოხმარებისას, სერთიფიკატის გარდა, სხვა სარგებელიც გაქვთ. მაგალითად, შეძლებთ დავალებების წარდგენას, უკუკავშირისა თუ ქულების მიღებას. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ვერსიის გამოყენების დაწყება შეგიძლიათ უფასო კურსის მიმდინარეობისას, ან მისი დასრულების შემდეგ (ნებისმიერ დროს), რის შემდეგაც 180 დღე გექნებათ კურსის დასახურად და სერთიფიკატის მისაღებად. არის სხვა ოფციაც – თუ თანხას ვერ იხდით, რეგისტრაციისას “financial aid”-ს უნდა დააჭიროთ, რის შემდეგაც სპეციალურ განაცხადს შეავსებთ, 15 დღის ვადაში კი მიიღებთ პასუხს, შეძლებთ, თუ არა ფასიანი ვერსიის უფასოდ გავლას.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ კურსზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო. ეს არის ონლაინ კურსი, რომელიც დასაწყისისთვის, Yale-ის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შფოთვასთან, დეპრესიასთან თუ სტრესთან გამკლავებაში დახმარებას ისახავდა მიზნად. მაშინ, როცა აქამდე, Yale-ის კურსებს, სემესტრულად, მაქსიმუმ 600 სტუდენტი ესწრებოდა, სანტოსის Psychology and the Good Life-ზე 1,182 სტუდენტი დარეგისტრირდა. მას შემდეგ კი, რაც კურსმა Yale-ის უნივერსიტეტის არსებობის 317 წლიან ისტორიაში, სტუდენტებისა თუ მსოფლიო მედიის მხრიდან, ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია, ის ონლაინ, ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ახლა მისი გავლა უფასოდ (არის ფასიანი ვერსიაც), Coursera-ზე შეგიძლიათ. რეგისტრაციისთვის კი შემდეგ ბმულს უნდა ეწვიოთ.

როგორ გამოიყურება Galaxy Note 20 Ultra – ვიზუალებმა პრეზენტაციამდე გაჟონა

„რუსთავში არაფერი არ ხდება?!“ – ანუ ამბავი სოციალურ კაფე „კაფუნეზე“