როცა ანიმაციაზეა საუბარი, უმეტესობას თვალწინ წარმოუდგება დიდი სტუდიები, მრავალრიცხოვანი გუნდი და მილიონიანი ბიუჯეტი. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი სამი თინეიჯერის იდეითა და მცირე აღჭურვილობით იწყება: ლეპტოპით, რამდენიმე მეგობრით და სურვილით, შექმნა ისეთი რამ, რაც მანამდე არ არსებობდა.
სწორედ ასე გაჩნდა Wind Studios – დამოუკიდებელი ანიმაციური სტუდია, რომელიც ქობულეთიდან ოპერირებს და უკვე საერთაშორისო პროექტზე მუშაობს. მათი პირველი ანიმაციური სერიალი, “The Walter’s Secret”, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოვიდა, პროექტში სხვადასხვა ქვეყნის გამხმოვანებელი მსახიობები მონაწილეობენ, პირველი ეპიზოდს კი უკვე თავისი მაყურებელი ჰყავს.
ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ამ ყველაფრის უკან პროფესიონალების მრავალწლიანი გუნდი კი არა, სამი ახალგაზრდა დგას: ამირ ტაზიევი, მათე რომანაძე და მირასლავა კოპეიკო.
ერთი იდეიდან საკუთარ სტუდიამდე
Wind Studios-ის ისტორია 2025 წლის 18 ივნისს დაიწყო. იმ დღეს ამირ ტაზიევი საკუთარ კომიქსზე მუშაობდა, როცა იდეა გაუჩნდა, რომ ერთი პროექტის ნაცვლად საკუთარი სტუდია შეექმნა. იმავე დღეს დაუკავშირდა მირასლავა კოპეიკოსა და მათე რომანაძეს და ასე დაიბადა Wind Studios.
თავიდან არც განსაკუთრებული რესურსი ჰქონდათ და არც იმის მოლოდინი, რომ პროექტი ასეთ მასშტაბს მიაღწევდა:
„რადგან თინეიჯერები ვართ, დიდად არც გვეგონა, რომ რამე გამოგვივიდოდა, მაგრამ მაინც გადავდგით პირველი ნაბიჯი. ყველაზე რთული სწორედ ეს იყო”, – გვეუბნება მათე.
ისტორია, რომელიც გზად შეიცვალა
პირველი იდეა ორ ძმაზე იყო, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებულ სახლში საიდუმლოებებს აწყდებოდნენ. თუმცა მუშაობის პროცესში ახალგაზრდა ავტორებმა კონცეფცია მთლიანად გადაამუშავეს.

დღეს “The Walter’s Secret” Avis-ის ოჯახის ისტორიას გვიყვება, რომელიც იაფად შეძენილ სახლში გადადის და მალე აღმოაჩენს, რომ სახლი ცარიელი სულაც არ არის – იქ ვოლტერების ოჯახის სულები ცხოვრობენ, რომლებიც ტრაგიკული წარსულის გამო ვერ განისვენებენ. მთავარი გმირები, ორი ძმა, ცდილობენ ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ, მათი მშობლები კი საერთოდ ვერ ხვდებიან, რა საფრთხეში არიან.
საერთაშორისო გუნდი, რომელიც მეგობრებით შეიკრა
პროექტის ავტორებს თავიდანვე სურდათ, ანიმაცია მხოლოდ ადგილობრივ აუდიტორიაზე არ ყოფილიყო გათვლილი. ამიტომ სერიალს ორი გახმოვანება აქვს – რუსული და ინგლისური.
ინგლისურ ვერსიაში მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან: საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, მაროკოდან და სხვა ქვეყნებიდან. ბევრი მათგანი სტუდიის დამფუძნებლების მეგობარი ან პროფესიული კონტაქტია, თუმცა სწორედ ამ საერთაშორისო გუნდმა პროექტს კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მისცა.
ერთი პროექტი – ათობით როლი
როცა დიდი გუნდი არ გყავს, თითქმის ყველაფრის კეთება თავად გიწევს.
მათე რომანაძე ინგლისურ გახმოვანებას ხელმძღვანელობს, ქმნის 3D გარემოს, ეძებს ახალ მსახიობებს, თავადაც ახმოვანებს პერსონაჟებს, აკეთებს ანიმაციას, მუშაობს სცენარზე და კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ამირ ტაზიევი პასუხისმგებელია Storyboard-ზე, რუსულ გახმოვანებაზე, 2D ფონებზე, ანიმაციასა და სცენარის განვითარებაზე.
პროექტს ასევე ჰყავს კომპოზიტორი Saiper, რომელიც სერიალისთვის ორიგინალურ მუსიკას წერს. აღსანიშნავია, რომ საუნდტრეკების უმეტესობა სპეციალურად “The Walter’s Secret-ისთვის” შეიქმნა.
როცა მთავარი გამოწვევა ტექნიკა აღმოჩნდა…
როგორც თითქმის ყველა დამოუკიდებელ პროექტს, ამ ანიმაციასაც არაერთი სირთულე ახლდა.
გუნდმა რამდენჯერმე დაკარგა ანიმატორები, ტექნიკურმა პრობლემებმა კი მუშაობა თვეებით შეაფერხა. Toon Boom Harmony-ს ხელახლა დაყენების შემდეგ პერსონაჟების მოდელები დაზიანდა და მთელი პროცესის თავიდან გამართვა გახდა საჭირო.
თუმცა პროექტი მაინც შესრულდა:
„პირველი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა. მივიღეთ ბევრი დადებითი კომენტარი, ახალი გამომწერები და ნახვები. ამ შედეგებმა ძალიან გაგვახარა”.
შემდეგი გაჩერება – მეორე ეპიზოდი
გუნდი ახლა უკვე მეორე ეპიზოდზე მუშაობს. პარალელურად, ახალ ანიმატორებსა და მხატვრებს ეძებენ, ხოლო თუ პროექტი წარმატებით გაგრძელდება, გეგმებში ოფიციალური მერჩენდაიზიც, პირველი სეზონის დასრულება და კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებიც შედის.
მათი საბოლოო მიზანი კი გაცილებით შორეულია, ვიდრე, უბრალოდ, YouTube-ზე ანიმაციის გამოქვეყნებაა:
„რამდენიმე წელიწადში ძალიან გვინდა, ჩვენი სტუდია დიდ და ცნობილ ანიმაციურ სტუდიად ვიხილოთ, სადაც შევქმნით მასშტაბურ ანიმაციურ სერიალებსა და სრულმეტრაჟიან ფილმებს”.

„შეუძლებელი არაფერია“
Wind Studios-ის ისტორია მხოლოდ ანიმაციაზე არ არის. ეს არის ამბავი იმაზე, როგორ შეიძლება რამდენიმე თინეიჯერმა, გამოცდილებისა და დიდი რესურსების გარეშე, საკუთარი იდეა რეალურ პროექტად აქციოს და საერთაშორისო გუნდიც შეკრიბოს.
როგორც თავად ამბობენ, მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმაა:
„ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ თინეიჯერების ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს. როცა გვერდით გყავს ადამიანები, რომლებიც გენდობიან და მხარს გიჭერენ, ხოლო შენს პროექტში დიდ შრომას დებ, წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













