„მომიტანეთ ჩემი „ალუბლის კოლა ზერო“, – ფრაზა HBO-ს სერიალ The Young Pope-იდან, „ახალგაზრდა პაპი“, როდესაც პირველი ამერიკელი, 57 წლის ექსცენტრული პაპი პიუ XIII საუზმეზე, საჭმლის მაგივრად, ითხოვს მაინცდამაინც ამ სასმელს – Cherry Coke Zero-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ამ სცენაში, არ გვინახავს კოკა-კოლას ლოგო, არ დაგვინახავს პიუ XIII-ის მიერ სასმელით მიღებული სიამოვნება – უბრალოდ, 3-ჯერ გავიგონეთ, პაპის როლის შემრულებლის, ჯუდ ლოუს მიერ წარმოთქმული ფრაზა ალუბლის კოკა-კოლა ზეროს შესახებ, ის პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენზე, ერთგვარ წარმოდგენასაც გვიქმნის პერსონაჟზე და იმაზე უფრო კარგად გვამახსოვრდება სცენაც და პროდუქტიც, ვიდრე ამავე ბრენდის ვიზუალურად გამოხატული ფლეისმენტი, „ახალგაზრდა პაპის“ სხვა სერიაში. ამის მიზეზი კი არის ის, რომ Product Placement-ის ეს კონკრეტული მაგალითი არის ავანგარდული და იმისგან განსხვავებული, რასაც როგორც წესი, ვხვდებით ხოლმე.
სერიალში, The Young Pope ფროდაქთ ფლეისმენტის არაერთი მაგალითია და მათგან სულ მცირეს, ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს სერიალის ქართველი აუდიტორიაც მარტივად ამოიცნობდა:
Iphone 5
MacBook Air

Ray Ban

და Cherry Coke Zero, ამჯერად, ვიზუალურად.

HBO-ს სერიალმა „ახალგაზრდა პაპმა“, საზოგადოების ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ მასში მთავარ როლს ჯუდ ლოუ და დაიან კიტონი შეასრულებდნენ. ათასიანი აუდიტორიის ყურადღების ცენტრში მოქცევის შედეგად კი, The Young Pope გახდა საუკეთესო საშუალება ბრენდებისთვის, რომ რაც შეიძლება ბუნებრივად, თუმცა კი, განსხვავებულად მოეხდინათ თავიანთი პროდუქტების ინტეგრირება სერიალის კონტენტში. თუმცა, „ახალგაზრდა პაპი“ მიმზიდველი გახდა კომპანიებისთვის არამხოლოდ იმიტომ, რომ დიდი აუდიტორია მოიცვა. თავის მხრივ, თავად პერსონაჟი, პაპი პიუ XIII, რომელიც მოულოდნელობის, სიახლის, რევოლუციის, თავისუფლების, გამჭრიახობის, განსხვავებულობის, თავდაჯერებულობის, ზოგისთვის სიწმინდის სიმბოლოსაც კი წარმოადგენს და შესაბამისად, ბრენდებისთვის პრესტიჟული გახდა თავიანთი პროდუქტების ამ პერსონაჟთან და ზოგადად, სერიალთან დაკავშირება.









