„იმოგზაურე ჩვენთან ერთად მდგრადი მოდის სამყაროში!” – კომპანია Phubber-ის გზავნილია, რომელიც მისი ახალი პროექტიდან მოდის. პროექტის სახელწოდებაა The Devil Wears Responsibly და მისი მიზანი საზოგადოებაში მდგრადი მოდის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ცნობილია, რომ მოდის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. UNECE-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოდის ინდუსტრია შეადგენს კაცობრიობის ნახშირბადის გამოყოფის 10%-ს, აშრობს წყლის წყაროებს და აბინძურებს ოკეანეს. წარმოებაში გამოყენებული ტექსტილის 85%, ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე ხვდება. ამასთან, ტანსაცმლის რეცხვა ტოქსინებითა და მიკროპლასტმასით აბინძურებს ოკეანეებს. ეს არის მიზეზები, რამაც მდგრადი მოდის ტენდენცია და საჭიროება წინ წამოსწია.

მდგრადი მოდა სოციალურ სამართლიანობაზე აგებული მიდგომაა, რომელიც იცავს გარემოს, ცხოველებს და ხელს უწყობს ეკოლოგიურ მთლიანობას. ის გულისხმობს მეორად შოპინგს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელს. მდგრადი მოდა ნაკლებ წყალს მოითხოვს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სასმელი წყალი უფრო სუფთა იქნება. მდგრადი მოდა ეწინააღმდეგება ბავშვთა შრომას, მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს და უსაფრთხო სამუშაო პირობებს, ის იცავს ცხოველთა სიცოცხლეს. იგი ასევე ამცირებს თქვენი პირადი ნახშირბადის კვალს.

მდგრადობა კომპანია Phubber-ის დნმ-ის ნაწილია. 2019 წლიდან მოყოლებული, ის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რათა ამ თემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის და თავისი პასუხისმგებლობა წარმოეჩინა.

[R]











