27
Apr
2017

Thefilmstore – ფილმებისა და სერიალების აქსესუარების ონლაინ სივრცე – ქართველი სტუდენტის სტარტაპი

27 Apr 2017

Startauperi
Startauperi


Thefilmstore – ფილმებისა და სერიალების აქსესუარების სტარტაპია, რომელსაც 2016 წლის დეკემბრიდან, 22 წლის სტუდენტი, ბექა შეყილაძე უძღვება. „დიდი ხნის სურვილი მქონდა, რომ ვყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი, შესაბამისად, მოსაფიქრებელი იყო რაიმე საქმიანობა, რაიმე ახალი“, – მარკეტერი ესაუბრა ბექას სტარტაპის შექმნის იდეაზე, აქსესუარების დასამზადებლად, სერიალებისა და ფილმების შერჩევის კრიტერიუმებსა და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკაზე.
M:
 ბექა, რამ განაპირობა Thefilmstore-ის შექმნა და რა ეტაპები გაიარეთ ბიზნესიდეის ჩამოყალიბების პროცესში?

მეგობრულ შეკრებაზე ერთ-ერთ მეგობარს, ამერიკაში დამზადებული Totem (ბზრიალა) აღმოაჩნდა, რომელიც ძალიან მომეწონა და სწორედ აქ გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა რაიმე სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ თავიანთი საყვარელი ფილმისა თუ სერიალის აქსესუარების შეძენა.

M: ხელით მზადდება აქსესუარები, თუ სპეციალური დანადგარი გაქვთ, რა მასალას იყენებთ?
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აქსესუარების დამზადება უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე საზღვარგარეთ, გადავწყვიტეთ, მოგვენახა უცხოელი პარტნიორი, ვინც ამ აქსესუარებს დაგვიმზადებდა, შედარებით, დაბალ ფასად. უმეტესწილად, აქსესუარები დანადგარით მზადდება, თუმცა არსებობს ისეთი აქსესუარებიც, რომლებიც ხელნაკეთია. მასალას რაც შეეხება, ძირითადად, მეტალია.
M: რის მიხედვით არჩევთ სერიალებსა და ფილმებს, შერჩევის რა კრიტერიუმები გაქვთ?
IMDB.COM & ADJARANET.COM სტატისტიკაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომელი ფილმი თუ სერიალი სარგებლობს უფრო მეტი პოპულარობით, ასევე, რომელს ჰყავს უფრო მეტი „ფანი და ამის მიხედვით, ვამატებთ ახალ აქსესუარებს. პირველი აქსესუარი იყო The Lord of the rings (One Ring), რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა ამ ნივთზე.

M: როგორია შეკვეთის პროცესი და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ისეთი აქსესუარი, რომელიც თქვენ არ გაქვთ?
შეკვეთისთვის უნდა მოგვწერონ ჩვენს Facebook გვერდზე, ან დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლიენტის მიერ მოთხოვნილი აქსესუარის დამზადება, უბრალოდ, გასათვალისწინებელია დროისა და ფასის ფაქტორები. ჩვეულებრივ, საკმაოდ დაბალი ფასები გვაქვს აქსესუარებზე, რაც 9-დან 29-ლარამდე მერყეობს. შეკვეთა კი, როგორც წესი, მაქსიმუმ, სამ სამუშაო დღეში მზადდება.

M: რით ხართ მიმზიდველი კლიენტებისთვის და რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული მსგავსი სტარტაპებიდან?
საკურიერო მომსახურება გვაქვს, თბილისის მასშტაბით უფასო და რაც მთავარია:
1) დაბალი ფასები;
2)კარგი/სწრაფი მომსახურება;
3) აქსესუარების ფართო არჩევანი.

M: მსგავსი აქსესუარების გაკეთებას ქართული ფილმებიდან/სერიალებიდან თუ გეგმავთ და რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი, საკუთარი ბიზნესის განვითარების კუთხით?
ფილმებიდან არა, სერიალებს რაც შეეხება, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა, „ჩემი ცოლის დაქალების“ აქსესუარები რომ გაგვეკეთებინა. რაც შეეხება ჩემს შემდეგ ნაბიჯებს, პირველ რიგში, მინდა ამ საქმიანობის ონლაინ სივრციდან – რეალურ სივრცეში გადმოტანა, რაზეც უკვე ვმუშაობ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა, შევქმნა ისეთი სივრცე, სადაც მხოლოდ ფილმისა და სერიალის მოყვარულებისთვის არ იქნება განკუთვნილი სასურველი აქსესუარები, ანუ უფრო მრავალფეროვანი გავხადო ის სფერო, საიდანაც ვიღებ აქსესუარების დამზადების ინსპირაციას.

განხილვა