in

The Last Tarot – სამი ხელოვანის მიერ შექმნილი ქართული ტაროს კარტი

ის თბილისის ალტერნატიული სახელოვნებო სცენის გარშემო ტრიალებს


ხელოვნებათმცოდნე დავით აფაქიძეს, რომელსაც ტაროს კარტთან აქტიური შეხება აქვს, მისი ქართული ვერსიის შექმნის იდეა გაუჩნდა, რომლის განხორციელებაზეც მხატვარ გვანცა ჯიშკარიანთან და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძესთან ერთად იმუშავა.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტაროს კარტის განსხვავებული ინტერპრეტაცია შეიქმნა,  რომელიც თბილისის ალტერნატიული სახელოვნებო სცენის გარშემო ტრიალებს და მის ინსპირაციასაც სწორედ აღნიშნული სფერო წარმოადგენს. ახალგაზრდა, კრეატიული და გამორჩეული ინდივიდები ტაროს სხვადასხვა არკანის სახით წარმოგვიდგებიან, რომელთა მიღმაც მათი სიმბოლური მნიშვნელობის ხასიათი იგრძნობა.

პორტრეტების შესრულების განსაკუთრებულ სტილს გვანცა ჯიშკარიანი პოსტ-აპოკალიპტურ ესთეტიკას უწოდებს. აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი ბერძნული კულტურა, ხელოვნების ისტორია და ქართული მოდა. სწორედ ვიზუალის ასეთი გადაწყვეტა ქმნის ტაროს კარტის ამ სერიას უნიკალურს.

ტაროს კარტის კლასიკური გაგება ქალური და მამაკაცური ენერგიის ერთობლიობაა. ამ შემთხვევაში კი მისი უფრო მრავალფეროვანი სახე იქმნება და სცდება მხოლოდ ორი ენერგიის ზღვარს. Vogue-სთან ინტერვიუში დავით აფაქიძე აღნიშნავს “ტაროს კარტი აძლიერებს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ კაცი არის აქტიური და ძლიერი, ქალი კი – პასიური, ემოციური და მისტიკური. მსურდა, მეჩვენებინა, რომ ეს ასე აღარ არის” 

სამი ხელოვანის მიერ შექმნილ ტაროს კარტს ესთეტიკურთან ერთად ფუნქციური დატვირთვაც აქვს – თითოეულ მათგანში შენარჩუნებულია შესაბამისი სიმბოლოები, თუმცა სუბიექტური ინტერპრეტაციით. “ვიზუალში სრულიად თავისუფალი ვარ, ამიტომ თავად უნდა გადამეწყვიტა, ჩვეულებრივ ნახატის სახით წარმოვადგენდი, როგორც ეს არის კლასიკური ტაროს კარტის შემთხვევაში, თუ ისე, როგორც ახლა ხედავთ. საბოლოო იდეაც ძალიან ადვილად და ბუნებრივად მოვიდა. პირველი ვიზუალის შექმნისთანავე მივხვდით, რომ ასეთი უნდა ყოფილიყო.” – გვანცა ჯიშკარიანი.

არკანები შესრულების სტილით ერთიან სახეს იძლევა, თუმცა როგორც გვანცა ჯიშკარიანი ამბობს, მისთვის ადვილად აღსაქმელია მათი ქრონოლოგია – რომელი მათგანი როდის შეიქმნა, რადგან თავად ხვდება და გრძნობს იმ პროგრესს, რომელიც მუშაობის პროცესში განიცადა და შესრულების თვალსაზრისით დაიხვეწა. თანაც მას აქამდე არასდროს უმუშავია მსგავსი დიზაინის შექმნაზე.

ტაროს კარტის თვითმყოფადი და გამორჩეული დიზაინიდან გამომდინარე, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ მისი გამოყენება პოსტერების სახითაც შეიძლებოდა. ამიტომაც, ტაროს კარტთან ერთად პოსტერებიც დაიბეჭდება, როგორც დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუში და ორივე მათგანს ექსკლუზიურად The why Not gallery gift shop-ში იხილავთ.  აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანი გვანცა ჯიშკარიანის გამოფენის ნაწილადაც იქცა.

პროექტში მონაწიოლება მიიღეს ისეთმა დიზაინერებმა და მოდელებმა, როგორებიც არიან აკა ფროდიაშვილი, გიორგი ქებურია, ნინი გოდერიძე, ლევაუ შველიძე, God Era, Matt Shally, ანა ყიფიანი, ხოსილიტა ხოსილიტაშვილი და ა. შ.

ავტორი: ქეთია ბელქანია


გსურთ, თქვენი რეკლამა ვირუსული გახდეს? გაააქტიურეთ ეს ემოციები!

Xiaomi-მ ახალი მობილური წარადგინა – მრუდი, გარდამავალი ეკრანით!