in

Theneo: „სტარტაპისთვის არსებითია სისწრაფე და უამრავი სიახლის მოსინჯვა“

Startauperi
Startauperi

როცა სტარტაპის სამყაროში შეაბიჯებ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ეს უზარმაზარი თავგადასავალი ბევრ თავსატეხთანაცაა დაკავშირებული. შეცდომები გარდაუვალია – ეს ალბათ ყველა სტარტაპერმა იცის და მთავარი ამოცანაც ისაა, თუ როგორ შეძლებენ გამოწვევებთან გამკლავებას, რას ისწავლიან და როგორ განვითარდებიან. ამჯერად, Theneo-ს შეცდომების შესახებ გიამბობთ. სტარტაპმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მსოფლიო სტარტაპ-ეკოსისტემაში და არაერთი ინვესტორის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, თუმცა, ამჯერად, გუნდი საკუთარ შეცდომებზე გვიზიარებს გამოცდილებას. დეტალები მარიამ ლეკვეიშვილმა გვიამბო.

M: სტარტაპის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტარტაპერები მზად არიან ხოლმე შეცდომებისთვის – თქვენთვის როგორი იყო ეს მიდგომა?

ალბათ, ყველა სტარატაპერს სმენია ლინქდინის დამაარსებლის სიტყვები, შენი პროდუქტის პირველი ვარიანტის თუ არ გრცხვენია, ესე იგი ზედმეტად დაიგვიანე მისი გაშვებაო. Როდესაც Theneo-ზე მუშაობა დავიწყეთ ამ მიდგომას ჩვენც ვიზიარებდით. სტარტაპის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. უამრავი რამ უნდა მოსინჯო, რომ დაინახო, რა სჭირდებათ და რა მოსწონთ მომხმარებლებს, შეიძლება რაიმე ფუნქცია თავად ძალიან მოგწონდეს, თუმცა მასზე დახარჯული დრო ფუჭი აღმოჩნდეს, ამიტომ ვიცოდით, რომ ბევრი განსხვავებული რამ უნდა მოგვესინჯა, თუნდაც ამ პროცესში ბევრი „ბაგიც“ გვეპოვა.

ტექნოლოგიურ სივრცეში ჩემი პირველი კარიერა ხარისხის უზრუნველყოფას უკავშირდება და ამრიგად, პროდუქტს მეც აქტიურად ვტესტავდი, ყოველი ბაგის პოვნას ძალიან განვიცდიდი და დღემდე განვიცდი ხოლმე, მაგრამ მეორე მხრივ, კმაყოფილი ვარ, რომ Theneo-ს არც ისე ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, უკვე უამრავი რამ მოვსინჯეთ. ვხედავთ, რომელ ფუნქციებს ანიჭებენ მომხმარებლები ყველაზე მეტ ყურადღებას, რას მოიხმარენ ყველაზე ხშირად და შესაბამისად, ვისწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრაც.

M: გაიხსენეთ რა საკვანძო შეცდომები დაუშვით სტარტაპის შექმნის პროცესში?

სტარტაპის ხანმოკლე ისტორიიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, საკმაოდ ადრეა საკვანძო შეცდომებზე საუბარი. ჯერ კიდევ რთულია, განსაზღვრო, რას ექნება ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გავლენა. თუმცა, რაც შეეხება ადრეული გამოცდილების ზოგად სირთულეებს, როგორც ზემოთ ვახსენე, სტარტაპისთვის არსებითია სისწრაფე და უამრავი სიახლის მოსინჯვა. ბევრი სიახლის დანერგვას პრიორიტეტების განსაზღვრაც სჭირდება, რაც საკმაოდ რთულია, როცა საწყის ეტაპზე დროც და ჯგუფის ზომაც საკმაოდ მცირეა. ვფიქრობ, საწყის სტადიაზე, როცა პროდუქტის მონახაზი ჯერ კიდევ არ იყო მკაფიო, ხანდახან გვიჭირდა ყურადღების სწორად განაწილება. ასეთ მომენტში, ვფიქრობ, სტარატაპების უმეტესობა ჩაკეტილ წრეში ექცევა – პროდუქტის განვითარებაზე იზრუნოს თუ კონკრეტული პოტენციური მომხმარებლების საჭიროებები გაითვალისწინოს, რათა მისი პლატფორმის არჩევაში დაარწმუნოს? ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან პირველ საკითხს მეტ ყურადღებას დავუთმობდი.

M: რა ისწავლეთ ამ შეცდომების შედეგად?

თენეოს გუნდი ახლა 15 ადამიანისგან შედგება. გულწრფელად რომ გითხრათ, გუნდით ყველაზე მეტად ვამაყობ და თითოეული მათგანის კონტრიბუცია განუზომლად დიდია. დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევდი, გუნდის შერჩევისას ისეთ ხალხის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, ვისაც პროდუქტი გულწრფელად მოსწონს და აინტერესებს. ასევე, შეიძლება ინჟინერი თავისი საქმის სპეციალისტი იყოს, თუმცა სტარტაპული გარემო მისი შესაფერისი საერთოდ არ გამოდგეს და დიდ კომპანიაში უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი, შესაბამისად, იქ უკეთ შეძლოს თავისი უნარების რეალიზება.

Theneo-ს გუნდში გვყავს როგორც ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ინჟინრები, ისე საკმაოდ ახალგაზრდა გუნდის წევრები. ხშირად, ისინი თავად იჩენენ ინიციატივას და ამბობენ, როგორც მომხმარებელს რისი დანაკლისი აქვთ პლატფორმაზე და შემდეგ თავად უძღვებიან ამ ინიციატივას. მნიშვნელოვანი მგონია, რომ dev tool-ზე მუშაობისას დეველოპერს თავად ჰქონდეს კუთვნილების განცდა პროდუქტის მიმართ.

M: გაიხსენეთ ეტაპი, როცა სტარტაპი დაბრკოლების ფონზე, გაიზარდა…

ვფიქრობ, რადიკალურად არაფერი შეგვიცვლია, თუმცა კომპანიისა და პროდუქტის ზრდასთან ერთად მეტ ყურადღებას ვაქცევთ ორგანიზაციულ კულტურასა და სისტემურობას. სტარტაპებში საწყის ეტაპზე ორგანიზაციული კულტურა ძალიან მცირე რაოდენობით იგრძნობა, გუნდის და პროდუქტის ზრდასთან ერთად ისიც ყალიბდება და მისი საჭიროება უფრო აქტიურად იკვეთება. გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანი მეტ სიმკაცრეს იჩენს სპრინტების დაგეგმვისა რესურსის განაწილები მიმართ, რაც სტარტაპის დაარსების პირველ თვეებში, როგორც წესი, ნაკლებად ხდება ხოლმე.

„კეთილი მგზავრობა“ — ახალი ეტაპი „ვისოლის“ განვითარების ისტორიაში

5 მარტივი ონლაინ ხელსაწყო CV-ის შესადგენად