მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი მოვლენა ხდება და ჩვენს ირგვლივ არსებული რეალობა სხვადასხვაგვარად ფორმირდება. წარმოიდგინეთ, როგორ იცვლება სამყარო სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში – თუნდაც იმ გარდამტეხი მომენტით, როცა ვინმეს გენიალური იდეა ებადება, ვიღაც კი გადაწყვეტს, რაიმე ეპატაჟურით იმოქმედოს საზოგადოებაზე.
ალბათ, არაერთ სტატიას წააწყდით უჩვეულო მონოლითის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ჩნდება, შემდეგ სადღაც იკარგება და კიდევ ერთი მათგანი ჩნდება უკვე სხვა ადგილას. პირველად ეს იუტაში მოხდა და ინფორმაცია მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ბუნებრივია, „მშრალ ინფორმაციას“ თან ახლდა გარკვეული თეორიები და შესაბამისი მითქმა-მოთქმა, რაც ლეგიტიმური რექციაა საზოგადოებისგან, როცა სრულიად მოულოდნელად, წითელ ქვებს შორის ვერცხლისფრად ბზინვარე მონოლითი აღიმართება.
ერთ-ერთი პირველი თეორია, რომელსაც ნაწილობრივ იუმორისტული ფონი გასდევდა, უცხოპლანეტელებს უკავშირდება. თითქოს, სწორედ მათ ეკუთვნით მონოლითი, როგორც ეს კუბრიკის ცნობილ ფილმშია „2001: კოსმოსური ოდისეა“ _ აქაც მისტიურ ობიექტს უცხო რასის წარმომადგენლები უტოვებენ დედამიწელებს… ამ მოსაზრებასთან მიმართებით ორი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ: უცხოპლანეტელებმა მართლაც გადაწყვიტეს ჩვენთან სტუმრობა და ბზინვარე ძღვენის დატოვება, ან კუბრიკის შემოქმედებაზე შეყვარებულმა ადამიანმა მისი ერთ-ერთი ფილმის რეალურ ცხოვრებაში კადრირება სცადა.

მეორე თეორია, რომელიც არანაკლებ სავარაუდოა, ვიდრე უცხო რასის ძღვენი, ხელოვნებას, კერძოდ კი, ლენდ-არტს უკავშირდება. ეს მიმდინარეობა 1960-70-იან წლებში აღმოცენდა და მისი მთავარი არსი ხელოვნების ნიმუშების ბუნებასთან შერწყმაა. ხელოვანებმა უარი თქვეს მუზეუმებზე, გელერეებსა და საგამოფენო სივრცეებზე და გადაინაცვლეს ბუნების წიაღში – იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. აღნიშნულ თეორიას უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, გამოიკვეთება ისეთი ფიგურა, როგორიცაა ჯონ მაკრაკენი – სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარული ცნობილი მინიმალისტი სკულპტორი. გალერისტ დევიდ ცვინერს თუ დავუჯერებთ, მაკრაკენს ე.წ. იუტას მონოლითი ჯერ კიდევ 2011 წელს დააინსტალირა. თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ მონოლითს არტისტისთვის დამახასიათებელი სინატიფე აკლია და უფრო ვიღაცის ჩადენილ ოინს ჰგავს. ამიტომაც, ქვეყნებს შორის უჩვეულოდ მოძრავი მონოლითი, შესაძლოა ვივარადოთ, რომ მაკრაკენის თაყვანისმცემლისგან ხელოვანის ნამუშევრის იმიტაციას წარმოადგენს.
ხალხში ფართოდ გავრცელებული კიდევ ერთი თეორია სწორედ ოინს უკავშირდება. ეს მოსაზრება კვლავ წარსულში, კერძოდ, 1970-იან წლებში გვაბრუნებს, როდესაც ინგლისის ქალაქ ვილტშირში ხალხმა მინდვრებზე უჩვეულო ფორმის წრეები შეამჩნია, რომელთა შექმნაშიც აშკარად ვიღაცის ხელი ერია – იქნებოდა ეს დედამიწელი თუ უცხოპლანეტელი. მალევე გავრცელდა უამრავი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ, მეცნიერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მსგავსი რამ მეცნიერულად ახსნადი და შესაძლებელია, ხოლო მეორეს მხრივ კი, შეთქმულების თეორეტიკოსები განაგრძობდნენ უცხოპლანეტელთა კვალის ძიებას… მას შემდეგ, რაც მსგავსი წრეების მისტიურ ვარიაციებს მრავალ ფილმში მოუძებნეს ადგილი, 1991 წელს ორმა ინგლისელმა, დევიდ ჩორლიმ და დაგ ბოუერმა, საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა და განაცხადეს, რომ ხუმრობის მიზნით სწორედ მათ შექმნეს უჩვეულო ფორმის წრეები თოკებისა და ხის ფიცრების გამოყენებით.
გარდა თეორიების გავრეცელებისა, მონოლითი სხვადასხვა კომპანიების ინსპირაციის წყაროდაც იქცა. მაგალითად დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა Jeep-ის ფოტო იმ იდეით, თითქოს ყველაფერი ეს ამ კომპანიის “ოინია”.
დასასრულს კი გირჩევთ, ყოველი შემთხვევისთვის, ხშირად მიმოიხედეთ ირგვლივ, იქნებ, მონოლითი სადღაც თქვენს გარშემო გამოჩნდეს ,,მაგიურად“.