15
Jan
2019

3 გონივრული ქმედება, რაც სამსახურში გამოგარჩევთ

15 Jan 2019

უკეთესი სამუშაო პოზიცია და მეტი ანაზღაურება ყველას უნდა, თუმცა, რით გამოირჩევით სხვებისგან? ყველას კარიერა განსხვავებულია და რთულია გაარჩიო, კონკრეტულად, რა უნარებია საჭირო იმისთვის, რომ შენს ინდუსტრიაში გამოირჩე. თუმცა, ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, დავაკვირდი მაღალეფექტური თანამშრომლების საერთო მახასიათებლებს. ეს არაა კონკრეტული უნარები, რასაც მუშაობისას იყენებენ, ეს არც მათი მაღალი დონეა, რაც სხვებისგან გამოარჩევს. საბედნიეროდ, არცერთი ამ უნართაგანი არ არის თანდაყოლილი. ყოველი მათგანის ათვისება შეიძლება, სათანადო ძალისხმევის გაღების შემთხვევაში. მაშ, რა არის საჭირო, რომ ყველაზე კონკურენტულ გარემოშიც კი გამორჩეული იყო ყველასგან?

pasha-statiebi
pasha-statiebi

გადააქციე ცოდნა გამოცდილებად

როდესაც ცოდნაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ერთი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მის გადამუშავებას და სრულიად ახალი რაიმეს შექმნას.

მაგალითად, გუნდი ესწრება კონფერენციას და ისმენს ლექციას, რომელიც ძალიან მოსწონთ – ზოგიერთისთვის ყველაფერი შეხვედრის დამთავრებასთან ერთად სრულდება. თუმცა, გამორჩეული ადამიანისთვის ეს ასე უბრალოდ არ ხდება. ის შეაჯამებს გამომსვლელის მოსაზრებებს, გაიაზრებს და საკუთარ შეხედულებებს დააკვირდება. მიღებული ინფორმაციიდან რაღაც ახლის შექმნით სიახლეს უკეთ ითვისებ.
თავად მეთოდს არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ეს იყოს პრეზენტაცია, ესსეი ან უბრალო დიალოგი ვინმესთან, რაც ახალ ცოდნას წარმოშობს. ესაა მანიშნებელი, რომ მზად ხართ ისწავლო, გაიზარდო და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინო საკუთარ თავში.

განივითარე კოგნიტური უნარები

ყველას მოსწონს მშრომელი ადამიანი. ხელმძღვანელებმა იციან, რომ ასეთი ადამიანები საქმის შესრულებაზე არასამუშაო დროსაც არ ინანებენ. თუმცა, დგება მომენტი, როცა გარშემომყოფებს უჩნდებათ კითხვა, რატომ მუშაობს ეს ადამიანი ასე ბევრს, ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე. სინამდვილეში, უფრო დიდ პროფესიონალად ჩანს ის, ვინც მშვიდად აკეთებს თავის საქმეს, ვიდრე ის, ვინც გვიანობამდე რჩება ოფისში. ასეთ ადამიანებს რჩებათ თავისუფალი დრო სხვა რთულ პრობლემებსა და ახალი უნარების შეძენაზე სამუშაოდ. სწორედ ამიტომაც ახერხებენ ისინი საქმის მაღალ დონეზე და მშვიდად შესრულებას.
თუკი საქმეს სამუშაო საათების შემდეგაც აკეთებ და შენი გონება ყოველდღიურ ამოცანებს აქვს მოცული, ხელიდან უშვებ ზრდის შესაძლებლობას. თუმცა, თუკი საბაზო უნარებს (მაგალითად, საოფისე პროგრამებით სარგებლობა) ისე ფლობ, რომ ძალას არ ატან, შეძლებ გამოათავისუფლო დრო უფრო მნიშვნელოვან სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

“გაზრდილი ძალისხმევის კანონი”

ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივადაა მიდრეკილი კარგი შედეგის მიღებისკენ. მათ იციან, როდისაა საჭირო დამატებითი ძალისხმევა წარმატების მიღწევისთვის ან პროექტის დასასრულებლად. მათ იციან, როდის სჭირდებათ ბიძგი შეთანხმების მისაღწევად. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ადვილად გამოსარჩევი. ამას მე “გაზრდილი ძალისხმევის კანონს” ვუწოდებ. რაც უფრო ახლოს ხარ მიზანთან, მით მეტი ძალისხმევა გჭირდება მის მისაღწევად. საქმის ბოლო 20%-ის შესრულებას, მთელი სამუშაო ძალისხმევის 80% სჭირდება.

საბედნიეროდ “ბიძგის” გამომუშავება ყველას შეუძლია. ამისათვის საჭიროა, საკუთარი თავი ახალ, უცხო სიტუაციებში ჩააყენო. რატომ? იმიტომ, რომ თითოეული სიტუაცია არის ნაბიჯი ახალი და უფრო რთული პროექტისკენ, სადაც ფინიშის ხაზის მიღწევა სულ უფრო რთულდება. მას მერე, რაც მიზანს მიაღწევთ და გააფართოვებთ საკუთარ დიაპაზონს, მომდევნო პროექტები აღარ ჩანს ისეთი რთული.

იყო ადამიანი, რომელსაც საქმე ბოლომდე მიჰყავს, არის კიდეც ის მახასიათებელი, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევს.

წყარო: inc.com



განხილვა