in

„როგორ ვისაუბროთ წარმატებულად, როცა ყურადღების ცენტრში მოვექცევით?“ – სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი გვიამბობს

Think Fast Talk Smart

ეს ის საკითხია, რომელიც არამხოლოდ კომუნიკაციის სფეროში ჩართულ ადამიანებს აღელვებთ, არამედ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ურთიერთობები და სურს სათქმელი ეფექტურად მიიტანოს ადრესატამდე. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს მეთ აბრაჰამსი – სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, ორგანიზაციული ქცევის მიმართულებით. ის კომუნიკაციების ინსტრუქტორია და Silicon Valley Urban Debate League-ის საბჭოს წევრი. მისი პროექტი „იფიქრე სწრაფად, ისაუბრე ჭკვიანურად“ (Think Fast Talk Smart) ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქოუჩინგს, ვორქშოპებსა და ვებინარებს.

საკუთარი იდეების სხვებისთვის მოყოლას შფოთვა ახლავს. შესაძლოა, მთხრობელმა თავი შებოჭილად, მოუმზადებლად და უხერხულად იგრძნოს. მომზადების მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები სპონტანური საუბრების დროს დგება. ასეთ დროს კი, ყველაზე მეტად ის გვაფიქრებს, როგორ მოვუყაროთ თავი სიტყვებსა და ემოციებს ეფექტურად და სათქმელი სწორად მივიტანოთ თანამოსაუბრემდე.

სწორედ ამ საკითხს მიმოიხილავს მეთ აბრაჰამსი თავის ახალ წიგნში THINK FASTER, TALK SMARTER, რომელიც 26 სექტემბერს გამოჩნდება საერთაშორისო ბაზარზე. წიგნში ის სასარგებლო კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაზე საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მღელვარე მოსაუბრეც კი მიაღწევს სპონტანური კომუნიკაციის დროს წარმატებას. ეს არ არის თანდაყოლილი უნარი, რომელიც ბუნებრივ ნიჭს საჭიროებს, არამედ მომზადებისა და პრაქტიკის საფუძველზე ისწავლება. წიგნში დეტალურადაა აღწერილი მეცნიერული სტრატეგიები შფოთვის მართვისთვის, აუდიტორიის განწყობაზე გავლენის მოხდენისთვის, მოკლე, დამაჯერებელი და დასამახსოვრებელი საუბრისთვის.

წიგნში, ავტორი პასუხობს იმ კითხვებზე, რაც მოსაუბრეებს ხშირად აწუხებთ:

* როგორ ვუპასუხოთ კითხვას, როცა პასუხი არ გვაქვს?
* როგორ ავარიდოთ თავი არასასურველ საუბარს?
* როგორ დააფიქსიროთ თქვენი აზრი შეხვედრაზე ეფექტურად, როცა სხვები საუბრობენ?
* როგორ გავაჩუმოთ ადამიანი, რომელიც შეხვედრის მთელ დროს იკავებს?
* სად წავიღოთ ხელები, პრეზენტაციის დროს?
* როგორ გავცეთ უარყოფითი უკუკავშირი უკეთ?

მეთ აბრაჰამსი წამყვანი საკომუნიკაციო ექსპერტია, ათწლეულების მანძილზე. ის ასწავლის, წერს, მართავს პოდკასტს და ამავდროულად, გახლავთ ქოუჩი. ის დაეხმარა უამრავ პრეზენტატორს კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დახვეწაში, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც გაუძღვნენ IPO შოუებს, TED კონფერენციას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმსა და ნობელის პრემიის დაჯილდოებას. ასევე, წერს HBR-ისთვის, The Financial Times-ისა და Washington Post-ისთვის.

წიგნის შეძენის მსურველებს ამ ბმულებს შეგიძლიათ მიყვეთ: Amazon, Apple Books.

თითის ანაბეჭდის ალტერნატივა ადამიანში — კვლევა

Spotify-ს პოდკასტების ხმოვანი თარგმანის ფუნქცია ემატება