in

Think Like an Art Director — ინტერვიუ ლიკა კეშელავასთან

Spotlight-ის მეათე საიუბილეო ღონისძიება მრავალი რამით იყო დასამახსოვრებელი და მათ შორისაა მეხუთე ოთახში ჩატარებული ლექციაც — ლიკა კეშელავამ სტუმრებისთვის მთავარ ამოცანად Think Like an Art Director აქცია. მართლაც ასე მოხდა, 45 წუთში ოთახი წარმოუდგენელი იდეებით გაივსო, ეს კი სწორედ იმ „თამაშით“, რომელიც ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატმა Miami AD School Berlin-ში ისწავლა. თუმცა ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ლიკამ საქართველოში სპეციალურად სპოთლაითისთვის ჩამოსვლა გადაწყვიტა:

„Spotlight-ში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, პირველი ზუსტად ის გავიფიქრე: რა მაგარია, რომ ისეთ ადამიანებს შევხვდები, ვისგანაც მე თვითონაც ბევრს ვისწავლი და მათთვის ჩემი ცოდნის გაზიარების საშუალებაც მომეცემა-თქო“.

მარკეტერი ლიკა კეშელავას გაესაუბრა, რათა ცოტა უფრო მეტი რამ გაგიზიაროთ მისი გამოცდილებისა და სპოთლაითზე მიღებული ემოციების შესახებ:

M: მოგვიყევით თქვენზე, როგორც ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიატზე…

კრეატიულ ინდუსტრიაში 5-წლიანი სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ მივხვდი, რომ მეტის სწავლა და რაღაც ახლის ცდა მინდოდა. Საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია სწორ დროს, ცხოვრების სწორ ეტაპზე გამოჩნდა. ნიკას შესახებ ბევრი მსმენოდა და როგორც ჩვენი სფეროს ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს დიდ პატივს ვცემდი. ამიტომ, ეს სტიპენდია მხოლოდ შესაძლებლობა არ ყოფილა, პასუხისმგებლობაც გახდა — სასიამოვნო პასუხისმგებლობა. ჩემი პროფესიული საქმიანობით ვცდილობ, ნიკას დაწყებული საქმე გავაგრძელო.

Miami Ad School ის ადგილია, სადაც შეგიძლია, დარგის სპეციალისტების დახმარებით, შენს კრეატიულობას სწორი მიმართულება მისცე. Art Direction პროგრამა მოიცავს 2-წლიან ინტენსიურ სწავლებას. ამ პერიოდის განმავლობაში ვქმნით პორტფოლიოს, ვეჭიდებით დიდ კონკურსებს და რაც მთავარია – შესაძლებლობა გვეძლევა, მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში Creative Art Director-ის პოზიციაზე ძალები მოვსინჯოთ.

 

M: რა ამბები გაუზიარეთ Spotlight-ის სტუმრებს?

Spotlight-ზე მასტერკლასი ჩავატარე – დამსწრეებს გავუზიარე იდეის შექმნის ერთ-ერთი საინტერესო გზა თამაშის სახით. ეს ხერხი Miami Ad School-ში ვისწავლე, თანაც ისეთი მკაცრი ლექტორი გვასწავლიდა, ძალიან რომ არ დავსტრესილიყავი, მეთოდი თამაშად გადავაქციე და ასე თამაშ-თამაშით ჩავამთავრე ის კურსიც. Საბოლოოდ, ეს თამაში დავიტოვე და ხშირად ვიყენებ იდეების გენერირების პროცესში, Young Ones-ისა და D&AD-ის კონკურსებისთვის იდეების მოსაფიქრებლადაც გამომადგა (და მოსაგებადაც). მასტერკლასის ძირითად ნაწილსაც Სწორედ ეს თამაში შეადგენდა და, Მგონი, სტუმრებს ძალიანაც მოეწონათ. ყოველ შემთხვევაში, მე აღფრთოვანებული დავრჩი იმ იდეებით, რომელთა გენერირებაც 45 წუთის განმავლობაში შევძელით. 

M: როგორ აღწერთ Spotlight-ზე მიღებულ გამოცდილებას? 

Spotlight ჩემთვის ყოველთვის შთაგონებასთან იყო ასოცირებული: განსაკუთრებულ დღეებთან, რომელთაგან მიღებული ემოცია მთელი წლის განმავლობაში მიგყვება. ამ შემთხვევაში კი, როცა სცენის მეორე მხარეს აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ინსპირაციას არა მხოლოდ მსმენელი, არამედ მენტორიც იღებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ 45 წუთში მთელი აუდიტორია ძალიან მაგარი იდეებით აივსო. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანს სწორ მიმართულებას, იდეიის გასაღებს აძლევ და შემდეგ უყურებ, თუ როგორ აღებს ის მანამდე ჩაკეტილ კარს — ეს ნამდვილი საოცრებაა!

M: და რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად სპოთლაითის საიუბილეო ღონისძიებიდან?

ის, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი! ყველაზე მეტად მიყვარს იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, რომლებთანაც საერთო ინტერესები და ხედვა მაკავშირებს. ასევე უნდა აღვნიშნო როგორც ყოველთვის მამოტივირებელი გამოსვლებით გამორჩეული სპიკერები და, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელი ლანჩი. 

M: რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩაბმას?

აბსოლუტურად ყველა იდეას მიეცით არსებობის შანსი! რადგან Ზოგჯერ რაც ყველაზე სულელური გვეჩვენება, სწორედ ის აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე მაგარი; იდეები იმ ადამიანებს გაუზიარეთ, რომელთაც ენდობით. Სანდო ადამიანის აზრი ყოველთვის დაგეხმარებათ და სწორ მიმართულებას მოგცემთ; და კიდევ ერთი რჩევა: 

Cut yourself some slack.

ვიცი, რომ დიდი კონკურენციაა ამ სფეროში და ტემპიც ძალიან გიჟურია, მაგრამ ნურავის შეედარებით! დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით, აკეთეთ ის, რაც გიყვართ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ – არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების! 

M: რა გეგმები გაქვთ მომავალში?

მალე Art Direction-ის მიმართულებით შაბათ-კვირის ვორქშოპების დაწყებას ვაპირებ. Ძალიან გამიხარდება, თუ შემომიერთდებით: ვისწავლით ერთმანეთისგან და ამ სფეროს დავეხმარებით, რომ საქართველოში უფრო განვითარდეს და მეტი პროფესიონალი შეიძინოს. ვგეგმავ, Miami AD School-სა და სხვადასხვა წამყვან კრეატიულ სააგენტოებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ვორქშოპის მონაწილეებს. ვორქშოპების შესახებ მეტ ინფორმაციას სულ მალე Ჩემს სოციალური მედიის არხებზე იხილავთ. იმედია მალე შევხვდებით! დიდი მადლობა! 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სამთო-სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებამდე

პრეისტორიული ადამიანის წარმოდგენები Samsung-ის რეკლამაში