9
Jan
2020

დასაკეცეკრანიანი „კომპიუტერი“ – Lenovo-ს ახალი პროდუქტი

9 Jan 2020

Alta
Alta


გასულ წელს, Lenovo „მსოფლიოში პირველ დასაკეცეკრანიან კომპიუტერზე“ საუბრობდა. ეს იყო ერთგვარი პროტოტიპი, რომლის OLED ეკრანი შუაში, წიგნისებურად იკეცებოდა. CES 2020-ზე კომპანიამ პროდუქტის შესახებ მეტი დეტალი გაასაჯაროვა. მისი სახელია ThinkPad X1 Fold, ის ბაზარზე მიმდინარე წელს გამოჩნდება და მისი ფასი, სავარაუდოდ, 2500 დოლარი იქნება.

Lenovo მოწყობილობის შექმნაზე 3 წელი მუშაობდა და ეს არის ლეპტოპის მსგავსი მოწყობილობა, ერთგვარი ტაბლეტიც კი, რომელსაც Lenovo-ში პირველ დასაკეცეკრანიან პერსონალურ კომპიუტერს უწოდებენ.

ThinkPad X1 Fold-ის ეკრანი 13.3 ინჩიანია, 4:3 OLED პანელითა და 2048 x 1536 პიქსელიანი რეზოლუციით. Lenovo-მ მოდელში LG-ის ეკრანი გამოიყენა და ის Windows 10 Pro-ზე იმუშავებს. ეს არის „მაიკროსოფთის“ ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დასაკეცეკრანიანი მოწყობილობებისთვის. მოდელის მთავარი ღირსება, ალბათ, ისაა, რომ ის მოხერხებული და კომპაქტურია. X1 Fold-ით სარგებლობისას, როგორც ეკრანზე არსებული, ასევე გარე, უკაბელო კლავიატურის გამოყენებაც შეგიძლიათ. ეს ისაა, რაც მოწყობილობას მსოფლიოში ყველაზე პატარა პერსონალურ კომპიუტერად აქცევს.

X1 Fold-ის ოპერატიული მეხსიერება 8 გიგაბაიტია, მას აქვს 5 მეგაპიქსელიანი ვებკამერა და გარდა იმისა, რომ გარე მოწყობილობების მისთვის დაკავშირება ბლუთუზითაა შესაძლებელი, მას აქვს USB-ის პორტებიც.

განხილვა