გუშინ, „ოსკარის“ ნომინანტი ფილმები გამოცხადდა და მათ შორის, Dove-ის მიერ დაფინანსებული პროექტი – მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია Hair Love-იც აღმოჩნდა.
“Hair Love” – მეთიუ ჩერის მიერ შექმნილი ნამუშევარია და „ოსკარზე“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის კატეგორიაში იბრძოლებს.
Sony Pictures Animation-ის მიერ შესრულებული 7 წუთიანი ფილმი სასიამოვნო ისტორიას გვიყვება აფრო-ამერიკელ მამაზე, რომელიც პატარა ქალიშვილს მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასასვლელად ეხმარება. უფრო კონკრეტულად კი, მისი დაუმორჩილებელი თმის მწყობრში მოყვანას ცდილობს მანამ, სანამ დედა წასულია.
“Hair Love” – Kickstarter პროექტი იყო. Dove-მა ამის შესახებ იცოდა და მასში ჩასადებად, ფინანსური რესურსიც არ დაინანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდს ფლეისმენტიც, ანუ, ანიმაციაში საკუთარი პროდუქტის განთავსება არ მოუთხოვია. მხოლოდ ბოლოს, კრედიტებში, მისი ლოგო და წარწერა ჩნდება – „სპეციალური მადლობა „დავს“.
თავიდან, ფილმის მიზანი $75,000-ის შეგროვება იყო, თუმცა მან, დაახლოებით, $300,000-ის მიღება შეძლო და „კიკსტარტერის“ ისტორიაში ყველაზე დიდი თანხით დაფინანსებულ მოკლემეტრაჟიან ანიმაციად იქცა.