Xbox-მა კრეატიული კამპანია წამოიწყო, რომელიც გეიმინგის მომავლის ხედვას წარმოაჩენს. “This Is an Xbox – Yup!” („ეს არის Xbox – დიახ!“) სახელწოდების კრეატიული პროექტი თავისი მასშტაბითა და ესთეტიკით ადრე დაწყებულ “This Is an Xbox” ბრენდ პლატფორმას აგრძელებს. ამავდროულად, ტექნოლოგიური გიგანტის ახალ სტრატეგიულ მიმართულებას უსვამს ხაზს. კამპანიის ცენტრალური ელემენტი კინორეჟისორ მიშელ გონდრის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი გახლავთ. ოსკარის მფლობელი რეჟისორის ხელწერა მკაფიოდ იგრძნობა ყველა კადრში – დეტალებით მდიდარი, სიურეალისტური გადასვლები, რომლებიც E-40-ის “Choices (Yup)” ტემპში ვითარდება, განსხვავებულ აუდიოვიზუალურ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
კამპანიის მთავარი გზავნილი – სხვადასხვა მოწყობილობების Xbox-ად გადაქცევის სიმარტივე – ვიზუალური ტრანსფორმაციის დახმარებით ეფექტურად გადმოსცა Mutiny-ის კრეატიულმა გუნდმა. ვიზუალური ეფექტების, მორფინგის, სტოპ-მოშენისა და ხელით შექმნილი დეკორაციების კომბინაციით, მაყურებელს უჩვენებენ, როგორ ხდება თამაში თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ერთ სცენაში ჩვეულებრივი საძინებელი ლეპტოპად გარდაიქმნება გიგანტური კლავიატურებისა და გაზვიადებული ზომის ხელების მეშვეობით, სხვა ეპიზოდში კი კაფე თანდათანობით იცვლის ფორმას და მოთამაშის ციფრულ პროფილად გარდაიქმნება.
გარდა მთავარი ვიდეორგოლისა, კამპანიის ფარგლებში გამოიყენება გარე რეკლამა, სოციალური მედია და სხვა ციფრული არხები. ეს მასალები მოიცავს სახალისო სლოგანებს, რომლებიც სხვადასხვა მოწყობილობებს Xbox-თან აკავშირებს: „ეს არის Xbox შეხვედრებს შორის“ – ლეპტოპებისთვის და „ეს არის Xbox, თუ თქვენი გუნდი არ თამაშობს“ – ჭკვიანი ტელევიზორებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრენდის ახალ პროდუქტებს – ROG Xbox Ally და ROG Xbox Ally X-ს, რომლებიც კომპანიის პირველი პორტატული სათამაშო მოწყობილობებია.
“This Is an Xbox – Yup!” მხოლოდ დასაწყისია. კამპანია საშობაო სეზონის განმავლობაში გაიშლება Xbox-ის “Anywhere” ინიციატივის ფარგლებში. ეს სტრატეგიული მიმართულება ხაზს უსვამს ბრენდის ხედვას – შექმნას ეკოსისტემა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ითამაშოს ნებისმიერ მოწყობილობაზე, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს.














