სოციალური მედიის ლანდშაფტი ისევ იცვლება და ამჯერად, წარმატებისკენ Meta-ს Threads-ი მიაბიჯებს მყარი ნაბიჯებით. რამდენიმე დღის წინ Meta-მ გააზიარა შთამბეჭდავი სტატისტიკა – Threads-ს უკვე 400 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს რიცხვი 50 მილიონით აღემატება რამდენიმე თვის წინანდელ მაჩვენებელს და მნიშვნელოვნად უსწრებს გასული ზაფხულის 175 მილიონიან ნიშნულს.
Threads-მა რეკორდული სტარტი აიღო 2023 წლის ივლისში და პირველივე დღეებში 100 მილიონი რეგისტრაცია დააფიქსირა. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ეს იქნებოდა Meta-ს ყველაზე სერიოზული მცდელობა, კონკურენცია გაეწია ელონ მასკის X პლატფორმოსთვის. მარკ ცუკერბერგს არც დაუმალავს დიდი ამბიციები – მისი მიზანი ერთი მილიარდი მომხმარებლის მოზიდვა იყო. მან მაშინ აღნიშნა, რომ Twitter-ს ჰქონდა ასეთი მასშტაბის მიღწევის შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გამოიყენა და გამოთქვა იმედი, რომ ამას მისი გუნდი შეძლებდა. დღევანდელი მონაცემები ცხადყოფს, რომ ცუკერბერგის ფსონი ამართლებს, თუმცა მილიარდიანი ნიშნული ჯერ კიდევ შორსაა.
განსაკუთრებით საინტერესოა, რამდენად უახლოვდება Threads-ი X-ს სმარტფონის გამოყენების მხრივ. Similarweb-ის ანალიტიკა აჩვენებს, რომ ივნისში Threads-ს 115.1 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა მობილურზე, რაც წინა წელთან შედარებით 128%-იანი ზრდაა. X-ს ჯერ კიდევ აქვს 132 მილიონიანი უპირატესობა, თუმცა ტენდენცია კლებისკენაა – წლიური მაჩვენებელი 15%-ზე მეტითაა შემცირებული.
აშშ-ში სურათი კიდევ უფრო საინტერესოა – სხვაობა მცირდება 15.3 მილიონ (Threads) და 22.9 მილიონ (X) ყოველდღიურ მობილურ მომხმარებელს შორის.
ვებპლატფორმაზე კი Threads-ი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ივნისში X-მა 145.8 მილიონი ყოველდღიური ვიზიტი დააფიქსირა, ხოლო Threads-ის მაჩვენებელი მხოლოდ 6.9 მილიონია. Threads-ი არ ცდილობს, რომ X-ის უბრალო ასლი იყოს – Meta-ს მონაცემებით, პლატფორმაზე პოსტების 63% მხოლოდ ტექსტურია. Instagram-ზე არსებული კონტაქტების ნახევარზე ნაკლებს ადევნებენ თვალს Threads-ს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პლატფორმაზე ახალი თემატური მიმართულებები ყალიბდება. ლიტერატურის მოყვარულთა “Bookthreads”-იდან დაწყებული, კალათბურთისა და მუსიკის თემატური ჯგუფებით დამთავრებული – Threads-ი ქმნის უფრო მეგობრულ და ნაკლებად კონფრონტაციულ გარემოს, ვიდრე ეს მის კონკურენტებთან შეიმჩნევა.
აპლიკაცია ასევე სწრაფად ვითარდება ფუნქციონალურადაც – ემატება ტრენდული თემები, სპორტული პირდაპირი ეთერი, დეველოპერების API ავტომატიზებული პოსტებისთვის და სხვა. Threads-ის ზრდა ემთხვევა პერიოდს, როდესაც X ებრძვის რეკლამის განმთავსებელთა სკეპტიციზმს და უმკლავდება კონკურენციას ისეთი პატარა მოთამაშეებისგან, როგორიცაა Bluesky. სოციალური მედია, ზოგადად, უფრო ფრაგმენტირებული ხდება – სხვადასხვა ჯგუფი Discord-ზე, LinkedIn-ზე, Reddit-ზე, ან უბრალოდ, ჯგუფურ ჩატებში იკრიბებიან.
მიუხედავად იმისა, რომ 400 მილიონი მომხმარებელი ჯერ კიდევ შორსაა ცუკერბერგის მილიარდიანი ჩანაფიქრისგან, Threads-ი უკვე აღარ მისდევს, არამედ ის ეწევა კონკურენტს და შესაძლოა მალე გაუსწროს კიდეც.
წყარო: Fastcompany











