Threads-მა განაცხადა, რომ თავის პლატფორმაზე შემოაქვს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საკუთარი სიახლეების გვერდი (feed) პერსონალურად მოირგონ. Meta-ს მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელის ახალი ფუნქცია, სახელწოდებით “Dear Algo”, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ალგორითმს უთხრან, რისი ნახვა სურთ უფრო მეტად ან ნაკლებად თავიანთ ფიდში.
ფუნქციის გამოსაყენებლად მომხმარებელმა საჯარო პოსტში უნდა დაწეროს “Dear Algo” და შემდეგ მიუთითოს, რა ტიპის კონტენტის ნახვა სურს მეტ-ნაკლებად. მაგალითად, თუ გსურთ მეტი პოსტის ნახვა პოპულარულ პოდკასტებზე, შეგიძლიათ დაწეროთ: “Dear Algo, show me more posts about podcasts”. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ თქვენი ფიდი სამი დღის განმავლობაში შესაბამისი ცვლილებებით განახლდება.
აღსანიშნავია, რომ რადგან Dear Algo საჯარო პოსტების საშუალებით მუშაობს, სხვებსაც შეუძლიათ თქვენი მოთხოვნის ნახვა და მისი გადაზიარებაც კი, რათა იგივე ცვლილება საკუთარ ფიდზეც გაააქტიურონ. ეს ასპექტი შეიძლება გარკვეული მომხმარებლებისთვის შემაფერხებელი იყოს, რადგან შესაძლოა მათ არ სურდეთ საკუთარი მოთხოვნების საჯაროდ გამოქვეყნება. თუმცა Meta აცხადებს, რომ ამას განიხილავს, როგორც მომხმარებლებისთვის ახალი თემებისა და საუბრების აღმოჩენის საშუალებას, რაც პერსონალიზაციას საზოგადოებრივ გამოცდილებად აქცევს.
მომხმარებლებისთვის შესაძლებლობის მიცემით, დროებით გავლენა მოახდინონ საკუთარ ფიდზე, Threads კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას იძენს, რადგან მსგავსი ფუნქცია სხვა პლატფორმებზე ხელმისაწვდომი ჯერჯერობით არ არის და არც გვაქვს რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ Threads-სა და მის კონკურენტებს X-ს და Bluesky-ს, უკვე აქვთ „Not Interested“ ღილაკი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიუთითონ თავიანთი ინტერესები, ახალი Dear Algo ფუნქცია პერსონალიზაციას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ამავდროულად, ფუნქცია შესაძლოა დაეხმაროს Threads-ს, პლატფორმა უფრო „რეალურ დროში“ მოქმედ სივრცედ იქცეს.
Dear Algo ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში. Threads გეგმავს, ფუნქცია უნივერსალური გახადოს სხვა ქვეყნებისთვისაც.
ახალი ფუნქციის გაშვება დაემთხვა ბაზრის ანალიტიკური კომპანია Similarweb-ის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც Threads-მა ყოველდღიურ მობილურ გამოყენებაში X-ს უკვე გადაასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ვებვერსიაში X კვლავ ლიდერობს, Threads-ის მობილური აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე ბოლო თვეებში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების ზრდას აგრძელებს.
ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, Threads-ს მობილურზე 141.5 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მაშინ როცა X-ს მხოლოდ 125 მილიონი.












