მარკეტერების მუშაობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ციფრულ პლატფორმებზე თვალყურის დევნებაა. რა იქმნება ახალი, რას ცვლიან ძველები, როგორ ვითარდება პლატფორმები – ამ ყველაფერზე დაკვირვება მათ შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს.
პლატფორმათა სიმრავლით კომპანია Meta Platforms გამოირჩევა, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველასთვის ცნობილი Facebook, Instagram WhatsApp და ახლა უკვე Threads, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მარკეტერები, რა თქმა უნდა, მასაც ყურადღებით აკვირდებიან და მის ბიზნეს პოტენციალს სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ახალია, უკვე რამდენიმე მიმოხილვა დაიწერა Threads-ის შესახებ და მასზე დაყრდნობით, გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ ამ პლატფორმის გამოყენებამდე.
1. Threads ინსტაგრამის ნაწილია, ამიტომ ადვილია ანგარიშის შექმნა თქვენი Instagram-ის გვერდიდან. მას თან მოჰყვება ბიო და ბმულები, რომლებიც არსებულ ანგარიშზე გიდევთ. ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი ანგარიშის იდენტობა დაცული იყოს. მარკეტერები აქვე დასძენენ, რომ ბიზნესმა ჯობს მალევე აითვისოს Threads, რათა მიიქციოს ხალხის ყურადღება და იყოს პირველთა რიგებში, ვინც აქ თავიანთ აუდიტორიას შექმნიან. იმის გამო, რომ ეს ინსტაგრამის არხია, მარტივია ანგარიშების გადართვა Instagram-სა და Threads-ს შორის.
2. Threads-ში უკვე გამოჩნდა რამდენიმე დიდი ბრენდი, რომლებმაც გამოსვლისთანავე შექმნეს თავიანთი ანგარიშები. შეგიძლიათ გადახედოთ მათ აქტივობებს, რათა უკეთ გაერკვეთ, რა როგორ მუშაობს ამ პლატფორმაზე, როგორი ქცევა აქვს აქ მომხმარებელს და თქვენ რას შესთავაზებდით ახალს. კომპანიები, რომლებიც პირველები იყვნენ Threads-ში, არიან: Netflix, PrettylittleThing, Salomon და სხვები.
3. ინსტასგან განსხვავებით, Threads-ში თქვენ შეგიძლიათ ბმულების განთავსება, რითაც აქ იგრძნობა Twitter-ისა და Instagram-ის შერწყმა.
4. ამ პლატფორმაზე ასევე დაგხვდებათ Reposts და Quoted Reposts ფუნქციები. ეს კიდევ ერთი განსხვავებაა მას და ინსტაგრამს შორის. ამ არხზე შესაძლებელია თქვენს მიმდევრებს გაუზიაროთ ის პოსტი, რომელიც მოგეწონათ ან რელევანტურად მოგეჩვენათ, აგრეთვე, შეგიძლიათ პოსტს დაუმატოთ საკუთარი ციტატა.
5. სიახლეების კედლის ალგორითმი ინსტაგრამ-ფეისბუკის მსგავსად მუშაობს. თქვენ ხედავთ ყველაზე პოპულარულ პოსტებს, სწავლობს თქვენს ქცევას ამ კონტენტთან მიმართებით და მერე ამის მიხედვით გირჩევთ, თუ რა გამოგიჩინოთ კედელზე ყველაზე ხშირად.
6. ჯერჯერობით Threads-ს არ აქვს რეკლამების გაშვების ფუნქცია, თუმცა მარკეტერები ვარაუდობენ, რომ მალე ამ შესაძლებლობასაც ვიხილავთ.
7. Threads App-მა ძალიან დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, საზოგადოება ელოდა რაღაც სიახლეს, რადგან მასზე, გამოსვლიდან ცოტა ხანში, უკვე დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული. აუდიტორია მარკეტინგის მთავარი იარაღია, ამიტომ ბიზნესს შეუძლია აქ იპოვოს ის მომხმარებლებიც, რომლებიც სხვა არხებში უკვე დიდი ხანია ჰყავს და, აგრეთვე, ახლებიც აღმოაჩინოს.
8. კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ Threads-ის სამიზნე ბაზარი ძირითადად ზეტ თაობისა და მილენიალებისგან შედგება, რომლებიც მეგობრულ კომუნიკაციას აფასებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, გაიგონ სიახლეები, ყურადღებას აქცევენ მოკლე სტატუსებს და ვიზუალური კონტენტის გაზიარების შესაძლებლობას თავიანთ ახლობლებთან.
9. ინტერაქცია თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამას მოერგო Threads-იც. ThreadsApp გთავაზობთ უაღრესად ინტერაქციულ პლატფორმას, რომელიც მარკეტერებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ მომხმარებლებს პოსტების, კომენტარებისა და საუბრების საშუალებით. შესაბამის დისკუსიებში აქტიური მონაწილეობით და ღირებული შეხედულებების გაზიარებით, მარკეტერებს შეუძლიათ განავითარონ ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ბრენდის ლოიალობას.
10. Threads აპლიკაცია დიდ აქცენტს აკეთებს გულწრფელობასა და რეალურ ურთიერთობებზე, რაც თანამედროვე ბრენდინგის ტრენდია. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ეძებენ რეალურ და პერსონალიზებულ გამოცდილებას იმ ბრენდებისგან, რომლებთანაც ურთიერთობენ ციფრული მარკეტინგის ეპოქაში. Threads აპლიკაციის დახმარებით მათ შეუძლიათ უფრო პირადი კონტაქტი დაამყარონ მომხმარებლებთან. კომპანიები უნდა კონცენტრირდნენ რეალური და პერსონალიზებული კონტენტის წარმოებაზე, რომელიც რელევანტური იქნება მათი სამიზნე აუდიტორიისთვის.