2 კვირაზე ნაკლები დრო გავიდა მას შემდეგ, რაც Meta-მ Twitter-ის მთავარი კონკურენტი Threads გაგვაცნო. 5 დღეში 100 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებლით ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაციაც გახდა ისტორიაში, მაგრამ საინტერესოა, ნამდვილად ისე შეძლებს თუ არა ტვიტერის განადგურებას, როგორც თავიდანვე ამტკიცებდნენ? ეს კითხვა პირველი ტალღის გადავლის შემდგომ კვლავ აქტუალური გახდა…
მართალია, Threads-ს უკვე მილიონობით დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აპლიკაციაში დარჩებიან. რეკორდული მაჩვენებლით კი დაიწყო, მაგრამ მისი ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების ბაზა ყოველ კვირას ნახევრდება და ამჯერად 23.6 მილიონს უდრის. ამის მიზეზად კი უამრავი რამ შეიძლება ჩაითვალოს, დაწყებული კონკრეტული ფუნქციებითა და დამთავრებული კონფიდენციალურობის საკითხებით.
ამრიგად, საინტერესოა, კვლავ ხედავენ თუ არა ბრენდები Threads პლატფორმად, რომელზეც თავიანთ სოციალურ სტრატეგიებს მიმართავენ და თუ ასეა, რა განსხვავებაა ტვიტერსა და Threads-ს შორის? ამ კითხვებზე ახლა ბრენდის სტრატეგები და მარკეტინგული ინდუსტრიის ექსპერტები პასუხობენ.
ღირს თუ არა Threads აჟიოტაჟად?
ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი ეპარება ტექსტებზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობაში. დანიელ დულაგანის, Iris-ის კრეატიული კომპანიის სტრატეგის თქმით, თუ Threads რამდენიმე კვირაში მომხმარებელთა პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებს, აპლიკაცია პოტენციურად დაიწყებს დაღმა სვლას — ზუსტად ისე, როგორც ეს ბევრ სხვა ახალ სოციალურ აპლიკაციას დამართნია…
სხვებიც ემხრობიან იმ აზრს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ტვიტერის განადგურება, მაგრამ ახალი აპლიკაციის გამოჩენას სოციალური მედია ეკოსისტემისთვის მაინც მოგებიანად თვლიან:
„ბოლო 12 თვეა, Twitter-ის ირგვლივ ნეგატიური საუბრები მიდის და როგორც იქნა, Threads-ის სახით ბრენდებს სამუშაოდ რეალური და სანდო ალტერნატივა აქვთ. თუმცა ეს Twitter-ის ღირებულებას არ კარგავს. ახალი აპლიკაციით მეტოქეობა ილონ მასკსა და მარკ ცუკერბერგს შორის სულ სხვა დონეზე გადავიდა და ვიმედოვნებთ, რომ მასკი აქ კარგად წარმოჩინდება“, — აცხადებს ალამ კლაინი, მარკეტინგული სააგენტო Coolr-ის დამფუძნებელი.
რომელი სოციალური სტრატეგიები შეგვხვდება Threads-ზე?
ისტორიულად, ტვიტერი იყო სივრცე ბრენდებისთვის, სადაც ისინი თავიანთ უნიკალურ ტონსა და კულტურას რეალურ დროში გვაჩვენებდნენ. მსგავსი საკითხები კი ახლა Threads-ზეც გვხვდება. თუმცა ამ, ერთი შეხედვით, მსგავს აპლიკაციებს შორის მაინც მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს.
ალბათ, პირველი, რაზეც შეგვიძლია, ვისაუბროთ ცუკერბერგის განცხადებაა, Threads-ის უფრო მეგობრულ აპლიკაციად წარმოჩენაზე. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს საუბრების ტონზე იმოქმედებს და მთავარ როლსაც ითამაშებს ბრენდების უსაფრთხოებაში. სწორედ ამიტომ, მომავალში ამ ორი პლატფორმის თანაარსებობას განიხილავენ, ტვიტერი კვლავ იქნება ახალი ამბების, ჟურნალისტიკისა და უფრო სერიოზული საუბრების სივრცე, ხოლო Threads უფრო მსუბუქ და კომფორტულ ადგილს შემოგვთავაზებს.
მეორე მთავარი საკითხი კი კითხვაში: „საიდან მოვიდნენ მომხმარებლები?“ იმალება.
„ბევრი ბრენდი ტვიტერის კონტენტის სტილს ირჩევს, მაგრამ აუცილებელია ახსოვდეთ, რომ აუდიტორიის უმეტესობა იქ ინსტაგრამიდან მივიდა და ტექსტზე დაფუძნებულ მიდგომას შეჩვეულნი არც არიან. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, რადგან ბრენდებს თითოეულ პლატფორმაზე განსხვავებული აუდიტორია ჰყავთ და ბევრი ადამიანი გამოცდის ისეთი ახალი ტიპის კონტენტს ბრენდებისგან, რომლის ნახვასაც არ იყვნენ შეჩვეულნი“, — განმარტავს კლაინი.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად იმუშავებს ვიზუალური კრეატორების კონტენტი, თუმცა ინსტაგრამთან კავშირი ახალ აპლიკაციას ერთ უპირატესობას ანიჭებს:
„Threads-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ინსტაგრამის კრეატორთა საზოგადოებაა. მართალია, ტვიტერსაც ჰყავს კრეატორები, მაგრამ ისინი უფრო მეტად სპეციალიზებულნი არიან სისულელეების პოსტვაში, მაგალითად ისე, როგორც @dril“, — აცხადებს ნოა მალინი, IMGN Media-ს სტრატეგი.
დაბოლოს, ის ფაქტი, რომ ახალი აპლიკაცია მომხმარებლებს პოსტების დაწერისას ტვიტერზე თითქმის ორჯერ მეტი სიმბოლოს გამოყენებას სთავაზობს, შესაძლოა, მისი წარმატების გასაღებიც გახდეს. ბენ ტაუბერის, ScienceMagic New York-ის პრეზიდენტის თქმით, „ბრენდის სტრატეგიების მომავალი Threads-ზე განსხვავებულ ფორმებს მიიღებს. ისინი ისარგებლებენ პლატფორმის უფრო მეტი სიმბოლოს ლიმიტით და 5-წუთიანი ვიდეოებით, რათა უფრო სიღრმისეული კონტენტი გაგვიზიარონ. სავარაუდოა, რომ Threads-ის ფორმატი ბრენდებსა და მათ მიმდევრებს შორის მეტად ინტერაქციულ, ხანგრძლივ დისკუსიებს წაახალისებს“.
Marketer.ge-ის Threads-ს კი ამ ლინკზე შეგიძლიათ ესტუმროთ…