უკვე წლებია, რაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან ახლოს, სასტუმრო “რივერსაიდი თბილისი” დგას, რომლის პირველი და ბოლო სართულიც საკმაოდ ორიგინალურ და დახვეწილ კაფეს უკავია, სახელად “Tiffany Bar & Terrace.” ბარს რამდენიმე კვირის წინ 4 წელი შეუსრულდა. მისი შექმნის ისტორიასა და კონცეფციაზე “რივერსაიდი თბილისის” დირექტორის მოადგილეს, დიმიტრი შველიძეს ვესაუბრეთ:
M: როგორ გაჩნდა “ტიფანი ბარის” გახსნის იდეა?
ტიფანი ბარის გახსნის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს გაგვიჩნდა. იმ პერიოდში სასტუმრო “რივერსაიდი თბილისი” გაფართოების და განახლების მორიგ ეტაპზე იყო და სერიოზულად განვიხილავდეთ პირველ სართულზე თბილისისათვის საკმაოდ უცხო, კონცეპტუალური რესტორნის გახსნას. ჩვენი გუნდი რამდენიმე საინტერესო მიმართულებას და ვარიანტს აყალიბებდა, ამუშავებდა და საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო დიზაინის და მენიუს მქონე ბარი მივიღეთ. 2014 წლის 9 დეკემბერს ტიფანი ბარი ოფიციალურად გავხსენით. ახლახანს 4 წელიც შეგვისრულდა. ჩვენი მეორე რესტორანი – ტიფანი ტერასა კი 2017 წლის გაზაფხულზე სასტუმრო რივერსაიდის ბოლო სართულზე გაიხსნა. თითქმის ორჯერ უფრო დიდი გამოვიდა, მეტად მორგებული კორპორატიული საღამოებისათვის, რომელსაც 360 გრადუსიანი პანორამული ხედებიც ამშვენებს ძველ თბილისზე.
M: როგორია კაფეს სპეციფიკა ინტერიერის კუთხით?
ინტერიერის შექმნის პროცესში მთელი გუნდი აქტიურად იყო ჩართული. თბილისში არსებულ კვების ობიექტებში დომინირებდა მეტწილად მუქი ფერები, შესაბამისად გადავწყვიტეთ ტიფანი ბარი ძალიან ნათელი და ჰარმონიული ყოფილიყო. ავეჯი სპეციალური შეკვეთით დამზადდა, მახსოვს, საკმაოდ რთული ასაწყობი აღმოჩნდა თავად ბარი, რომელზეც უამრავი პატარა სარკე დიდი ოსტატობის შედეგად მაგრდებოდა. ტიფანი ტერასა კიდევ უფრო განსხვავებული კონცეფციის შედეგია. ბარის აწყობა აქაც საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვიყენეთ სპეციალური „მანათობელი“ ქვა, რითაც მსოფლიოში ბევრი მაღალი კატეგორიის ღია ცის ქვეშ აშენებული რესტორანი ამაყობს. სახურავი მთლიანად ელექტრონულია, სრულიად გადადის ზაფხულში, ხოლო ცივ ამინდში მთლიანად იხურება და ტემპერატურაც ავტომატურად კონტროლდება, რომ წლის ნებისმიერ დროს ტიფანიში სტუმრობა ძალიან სასიამოვნო იყოს.
M: როგორია “ტიფანის” სამზარეულო?
რაც შეეხება სამზარეულოს, ამ მხრივაც საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ. ჩვენი პირველი შეფი, კონსტანტინე თედელური იყო, ხოლო ჩვენი მიზანი – ძალიან გემრიელი და დაბალანსებული კერძების და დესერტების სტუმრებისათვის შეთავაზება. ტიფანი ბარში განსაკუთრებით განვავითარეთ დესერტების მიმართულებაც – ახლადგამომცხვარი ბელგიური ვაფლების და კრეპების ბევრი ვარიაცია, შოკოლადის ნამცხვრები და შადრევანიც კი. ორივე რესტორანში სამზარეულო მეტწილად ევროპულია, თუმცა ქართული კერძების განყოფილებაც გვაქვს მენიუში, ეს განსაკუთრებით სასტუმრო რივერსაიდის სტუმრებს ახარებს. ტიფანი ბარი და ტერასა 2018 წელს ცნობილი ფრანგული სარესტორნო გზამკვლევის – Gault&Millau-ს რჩეული გახდა. არაერთი მზარეული გვყავდა ჩამოყვანილი სწავლებებზე და მასტერ კლასებზე, რის შემდეგაც, ტიფანის მენიუს ესპანური და არგენტინული კერძებიც დაემატა, ამ ზაფხულს ტიფანის ცნობილი ბელორუსი შეფ-კონდიტერიც 3 კვირის მანძილზე სტუმრობდა, რომელმაც განსხვავებული ტკბილეულის მომზადება გვასწავლა, მათ შორის ტიფანის საფირმო ტორტიც შევქმენით, რომლის მსგავსიც თბილისში დაგემოვნებული ჯერ არ გვქონდა.
M: ვინ არის ძირითადი სეგმენტი ამ კაფესთვის?
შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ტიფანიში აქტიურად გვსტუმრობენ როგორც მანდილოსნები, ასევე მამაკაცები, როგორც ლანჩის პერიოდში, ასევე საღამოს. პატარებისათვის ცალკე გასართობი წიგნები და სხვადასხვა საინტერესო მასალა გვაქვს რითაც მათ ძალიან ვახარებთ. ხშირია საინტერესო წვეულებები, ოფიციალური შეხვედრები, ღონისძიებები, აქტიურად ვთავაზობთ ტიფანი ბარს და ტერასას ქორწილისათვის. ამ დროს ჩვენი მენეჯერები და ინტერიერის დიზაინერები წყვილის სურვილის შესაბამისად განსაკუთრებულად აფორმებენ ტიფანის სივრცეებს. 2016 წელს ტიფანი ბარი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რესტორნად დასახელდა და მის შემდეგ ამ მიმართულებას განსაკუთრებულად ვავითარებთ – რომ ტიფანი ასევე სასურველი ადგილი იყოს რომანტიკული ვახშმისათვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან რეგულარულად იმართება ცნობილი ქართველი მუსიკალური შემსრულებლების სოლო კონცერტები.
M: რითი განსხვავდება “ტიფანი” სხვა კაფეებისაგან?
თბილისში არაერთი შესანიშნავი კვების დაწესებულებაა, ტიფანის კი, ჩვენი აზრით, ბევრი რამ გამოარჩევს. პირველ რიგში ეს მისი გუნდია, რომელიც ძალიან ზრუნავს თითოეულ სტუმარზე, შემდეგ გარემოა და ინტერიერი, რომელიც უქმნის სტუმარს კომფორტს, შემდეგ კი გემრიელი სამზარეულოა – ბევრი საინტერესო კერძი, დესერტი, ცივი თუ ცხელი სასმელი, მათ შორის ჩვენი ბარმენები მიქსოლოგიითაც არიან დაკავებულები და უცხო და საინტერესო კოქტეილებს სთავაზობენ სტუმრებს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კი სტუმარს ბევრი დადებითი ემოციით ავსებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი – ვიზრუნოთ სტუმრების კომფორტზე და „დავხმუტოთ“ პოზიტივით. სულ რამდენიმე დღეში ტიფანი ბარში ახალ მენიუს შევთავაზებთ მომხმარებლებს.
M: როგორია საახალწლო მზადება “ტიფანიში”?
სასტუმრო რივერსაიდსა და ტიფანიში საახალწლო მზადებას გვიან შემოდგომაზე შევუდექით, ხოლო მორთვის პროცესი კი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. სასტუმროს მთელი გუნდი, რომელიც 60-მდე ადამიანს აერთიანებს, იყო ჩართული ამ სახალისო და საინტერესო პროცესში: სამი უზარმაზარი ნაძვის ხე, ასობით დეკორაცია და განათება იყო დასამონტაჟებელი და თავი შესანიშნავად გავართვით. ამ წელს ტიფანი განსაკუთრებულად მორთულია ვიდრე წინა წლებში და ამას ჩვენი პატარა სტუმრების გაოცებულ მზერაში ვატყობთ, როცა ტიფანიში შემოდიან. 31 დეკემბერს სპეციალური პროგრამაც შევიმუშავეთ, როგორც ბარში, ასევე ტერასაზე საინტერესო საახალწლო პროგრამა იქნება. შევქმენით ასევე ორი უგემრიელესი მენიუ – ევროპული და ქართული ვარიანტი და გვექნება ბევრი სახალისო გათამაშება. ხედები, გარემო და ტიფანის სამზარეულო საახალწლო განწყობას ერთი ორად ამაღლებს.
M: ხშირად გვესმის “ტიფანიში” ხელის თხოვნების შესახებ..
ხელის თხოვნები ტიფანი ბარსა და ტერასაზე ცალკე ისტორიაა. ძალიან საინტერესო და სახალისო, რომელზეც წიგნის დაწერაც კი შეიძლება! დღეის მდგომარეობით 97 ხელის თხოვნა გვქონდა ორივე რესტორანში, აქედან 5 შემთხვევა ცოტა უჩვეულო აღმოჩნდა – თავად გოგონამ სთხოვა ბიჭს ხელი და ისიც დათანხმდა! ჯერჯერობით უარი არ გვქონია და იმედი მაქვს, არც იქნება. თითოეული ხელის თხოვნა თავისებურად უნიკალურია და ძალიან გვიხარია ტიფანი ამ „ქართული საქმის“ კეთებაში რომ აქტიურადაა ჩართული. წყვილებს ჩვენი გარემო და მომსახურე პერსონალი უწყობს ხელს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძალიან ელეგანტური და დაუვიწყარი იყოს და რაც მთავარია, თანხმობით დასრულდეს. ტიფანიში ცალკე პაკეტი გვაქვს შემუშავებული რომანტიკული ვახშმის, ასევე ის წყვილები რომლებმაც ტიფანიში თხოვეს ხელი განსაკუთრებულ ფასს და შეთავაზებას იღებენ ჩვენთან ქორწილის დაგეგმვის შემთხვევაში.
[R]