პატარა ლურჯი ყუთი, რომელსაც ბაფთა აქვს შებმული, საერთაშორისო ხატად ჩამოყალიბდა და როგორც ფუფუნების, ისე რომანტიკის სიმბოლოდ იქცა. ის ცნობილი საიუველირო სახლის სავიზიტო ბარათია. თავის მხრივ, ჩარლზ ლუის ტიფანის სახელი თავის დროზე ამერიკული სტილის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. მან 1837 წელს თავის მეგობარ ჯონ ბ. იანგთან ერთად მაღაზია დააარსა, რაშიც მამის მიცემული $1000 დაეხმარა. მაღაზიაში დანა-ჩანგალი, სამკაულები, საათები და მსგავსი ნაწარმი იყიდებოდა.
როგორ გახდა Tiffany & Co. ასეთი წარმატებული?
გადავხედოთ მის „თავმდაბალ დასაწყისს”…
პირველ მაღაზიას, რომელიც ჩარლზმა და ჯონმა გახსნეს, „ტიფანი, იანგი და ელისი” ერქვა. მაღაზია ქვემო მანჰეტენზე მდებარეობდა. იმ დროს კომპანიები კლიენტებს საქონელს კრედიტით აწვდიდნენ. თუმცა, ტიფანი განსხვავებული იყო. ის არავის სთავაზობდა საკრედიტო ან ბარტერულ მომსახურებას და ნაღდი ფულით ვაჭრობდა. თავდაპირველად მისი შემოსავალი 4,98 დოლარი იყო, თუმცა თანდათან ზრდა დაიწყო.
1844 წლისთვის Tiffany’s შემოჰქონდა პრემიუმ იტალიური და ინგლისური სამკაულები თავისი მომხმარებლებისთვის. 1847 წლისთვის კი ვერცხლის ჭურჭელი დაამატა კოლექციას. სტილი, რომელიც კომპანიამ შემოიტანა, ყველასგან განსხვავებული იყო – მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება და პროდუქტის ფასების მკაფიო აღნიშვნა.

საზღვრებს გარეთ გასვლა
1850-იანი წლების დასაწყისისთვის ტიფანიმ გააფართოვა თავისი ბიზნესი საფრანგეთში. მათ ასევე დაიწყეს ოქროს ორნამენტების დამზადება. 53 წლისთვის იანგი და კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორი პენსიაზე გავიდნენ. ჩარლზმა მთელი კომპანია საკუთარ თავზე აიღო და დაარქვა მას Tiffany & Company.
1860-იანი წლებიდან ტიფანის პოპულარობა გაიზარდა ევროპის ქვეყნებში. პირველად პარიზში მოიპოვა ჯილდო, შემდგომ უკვე ლონდონში გახსნა მაღაზია. 1870 წელს კი უზარმაზარი მაღაზია გახსნა მანჰეტენში, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ჯონ კელუმმა დააპროექტა. 1902 წელს, ჩარლზის გარდაცვალების შემდეგ, კომპანია მისმა ვაჟმა ლუიმ გადაიბარა. ის იყო ტიფანის პირველი დიზაინის დირექტორი.
„საუზმე ტიფანისთან”
1900-იან წლებში ტიფანი ცნობილი ადამიანების ფავორიტი გახდა. მან მოიპოვა აღიარება ცნობილ პოლიტიკოსებს შორის, როგორებიც ფრანკლინ რუზველტი, ჯონ კენედი, პირველი ლედი ჯეკი კენედი და ლედი ბერდ ჯონსონი არიან. 1961 წელს კომპანიის პოპულარობა პოპ კულტურაში გადაიზარდა, რასაც ხელი ლეგენდარულმა ფილმმა, Breakfast at Tiffany’s გამოსვლამ შეუწყო. ფილმში ოდრი ჰეპბერნი ტიფანის საუკეთესო სამკაულებს ატარებდა.
მოგვიანებით, 1978 წელს, კომპანია Avon Products-მა შეიძინა. 1980-იან წლებში ტიფანიმ სუნამოების გაყიდვა დაიწყო. იგი კვლავაც იყო ამერიკული პოპ კულტურის თვალსაჩინო ნაწილი მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში.
1984 წელს Avon Products-მა ტიფანი უილიამ ჩანის ინვესტორთა ჯგუფს მიჰყიდა. 2004 წელს ტიფანიმ გააფართოვა თავისი ბიზნესი ათი ახალი მაღაზიისა და ბუტიკის გახსნით მთელ მსოფლიოში. მოგვიანებით, 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Tiffany & Co-მ წარადგინა Legacy კოლექცია. 2017 წლიდან კომპანიამ კი საცალო ვაჭრობის ახალი ფორმები შეიმუშავა. შერჩეულ მაღაზიებში მან კაფეები გახსნა ასევე აამოქმედა სახლის პროდუქციის ხაზი. 2020 წელს კი ინდოეთის ბაზარზე შევიდა და ნიუ დელიში გახსნა პირველი მაღაზია.
მისი წარმატების ფორმულა მუდმივ განვითარებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი და ცნობილი ადამიანების ფავორიტია, ის არასოდეს ჩერდება და ახალ-ახალ წამოწყებებს არ იშურებს იმისთვის, რომ ყველგან ახლოს იყოს თავის მომხმარებელთან, როგორც ძველთან, ისე ახალთან.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი