in

ტაიგერ ვუდსის ახალი ბრენდი და მისი ვიზუალური იდენტობა

ტაიგერ ვუდსი ახალი ბრენდის მფლობელად გვევლინება, სახელწოდებით Sun Day Red, რაც დიდი ცვლილებაა მის წარმატებულ კარიერაში. Nike-თან 27-წლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, ვუდსი TaylorMade Golf-თან ერთად წარმოადგენს ქაშმირის სვიტერებისა და თანამედროვე ფეხსაცმლის კოლექციას.

BOG
BOG

როგორც ვუდსი განმარტავს, ბრენდი განკუთვნილი იქნება როგორც გოლფის მოთამაშეების  ყოველდღიური გარდერობისთვის, ისე ზოგადად ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც კოლექციით მოიხიბლება. ამჟამინდელი ინფორმაციით, ბრენდი პირველი მაისიდან ჩაეშვება ბაზარზე — თავდაპირველად მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმლით. მათ შორის იქნება გოლფის მაისურები და ჰუდები. ხოლო ფეხსაცმელი, ქალისა და ბავშვის ხაზები გაფართოების მომდევნო ეტაპისთვისაა გათვლილი.

რაც შეეხება ბრენდის ვიზუალურ იდენტობას, რა თქმა უნდა, ლოგოდ სიმბოლურად ვეფხვია გამოყენებული. მინიმალისტური ხაზებით დეკორატიული ხასიათის ნიმუშია მიღებული, რაც ვიზუალურად საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს. ამავდროულად, ხაზების რაოდენობაც იდეურადაა შერჩეული — 15 ტაიგერ ვუდსის 15 მთავარ ჩემპიონატს ასახავს. თანაც ვარსკვლავის თქმით, ყოველი ახალი ჩემპიონატის მოგებისას, ლოგოს ახალი ხაზი დაემატება.

გარდა ამისა, სახელწოდებაში Sun და Day მიზანმიმართულადაა დაყოფილი იმის მისათითებლად, რომ ბრენდის გამოყენებითობა ყოველკვირეულ თამაშს აღემატება. ისიც საგულისხმოა, რომ ხაზებთან ერთად, სახელწოდებაში სიტყვების რაოდენობაც სპეციალურად განსაზღვრეს — aylorMade-ის აღმასრულებელმა დირექტორის, დევიდ აბელსის თქმით, „სამიანებს ჯადოსნური ძალა აქვს“.

ხოლო წითელ ფერთან ვუდს საკმაოდ ღრმა კავშირი აქვს — კულტურული რწმენით, ტაილანდში წითელი ძალასა და ძალაუფლებასთან ასოცირდება. დროთა განმავლობაში კი სწორედ ეს იქცა ტაიგერ ვუდსის ტრიუმფების სინონიმად. მთლიანობაში, ეს ახალი ბრენდი ვნებით, მემკვიდრეობითობა და ბრწყინვალებითაა განმსჭვალული.

სტარტაპმა AI სათვალე შექმნა

ყვავილები, როგორც სიყვარულის მარადიული გამოხატულება — DoorDash-ის კამპანია