5
Sep
2019

რა არის TikTok და რატომ უნდა დაინტერესდნენ მისით მარკეტერები

5 Sep 2019

სოციალურ ქსელებში ვიდეოკონტენტი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, მით უფრო მოკლე, სახალისო და კრეატიული ვიდეოები იმსახურებს მილიონობით ნახვასა და რეაქციას. ვიდეოეფექტებისა და ვიდეომონტაჟის გამოყენება თანამედროვე ახალგაზრდების თვითგამოხატვის საკმაოდ აქტუალურ გზად იქცა. ამიტომ, ან შეიძლება სხვა მიზეზით, TikTok სოაციალური მედიის პლატფორმაა, რომელიც ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია ByteDance-მა, 2018 წელს შექმნა და შესაძლებლობას გაძლევთ ჩაწეროთ, დაამუშავოთ და გაავრცელოთ 60 წამამდე ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოები. რაც მთავარია, აპლიკაციაშივე შეგიძლიათ ვიდეოებს დაურთოთ მუსიკა, ხმოვანი თუ ვიზუალური ეფექტები.

Alta
Alta

პირველ წელს, აპლიკაცია TikTok-ს 1 მილიარდზე მეტი გადმოწერა ჰქონდა. 2019 წელს მოკლე ვიდეოების სოციალურმა ქსელმა უფრო მეტი მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო, მისთვის სახასიათო ასაკობრივი კატეგორია კი ტინეიჯერებია. ამჟამად, აპლიკაციას, ყოველთვიურად, 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ის ძალას იკრებს საქართველოშიც – სოციალურ ქსელზე შესვლისას რამდენიმე ქართველ ინფლუენსერსაც მოკრავთ თვალს, რომელთაც უკვე ათასობით გამომწერი და რამდენიმე სახალისო ვიდეო აქვთ. თუმცა, საყურადღებოა სხვა მიმართულებაც – ქართველი ტინეიჯერები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, TikTok უფრო სახალისო და კომფორტული პლატფორმაა, ვიდრე, უკვე ტრადიციული Facebook, ან Instagram.

თაობათაშორისი სხვაობა სოციალური ქსელების მომხმარებელთა კუთხითაც იჩენს თავს. ეს კი იმ მარკეტერებისთვის, რომლებსაც ჰქონიათ, ციფრული კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა პლატფორმაზე დაიმკვიდრეს თავი, მნიშვნელოვან სიახლეებს აჩენს. ჩნდებიან ახალი, სრულიად განსხვავებული კონცეფციის სოციალური ქსელები და ალბათ, თუ გვინდა მომავლის მომხმარებელს – ახალ თაობას მივაწვდინოთ ხმა, საჭიროა ახალ პლატფორმებზე ადაპტირების – მუდმივი მომთაბარეობის გზა ნორმად მივიღოთ.

TikTok-ზე ფროდაქშენ კომპანია „კოპტერის“ დამფუძნებელი და Youtube ვლოგერი – გიორგი დანელიაც ვიპოვეთ. პლატფორმაზე მას მხოლოდ 5 ვიდეო აქვს ატვირთული და უკვე 6000-მდე გამომწერსაც ითვლის. ამბობს, რომ პლატფორმის გამოყენებას როგორც ინფლუენსერი, ისე აპირებს და სამომავლოდ, შესაძლოა TikTok-ის ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენებაც დაიწყოს.

საკმაოდ კარგი პლატფორმაა ციფრული თვითგამოხატვის დასაწყებად, ანუ, თუ ჯერ არ შეგიძლია იუთუბერობა, ან ინსტაგრამერობა მაღალ დონეზე, ტიკტოკზე ძალიან მარტივია ვიდეოების გადაღება, დამონტაჟება და ა.შ. ამისთვის მხოლოდ სმარტფონია საჭირო. ასევე, განსხვავებით სხვა სოცქსელებისგან, ტიკტოკზე ქოფირაითის პრობლემები არ არსებობს და ნებისმიერი რამ, სხვისი კონტენტი იქნება ეს, ვიდეო, ფოტო, თუ მელოდია, შეგიძლია გამოიყენო“.

M:არკეტერებს როგორ შეუძლიათ TikTok-ის გამოყენება და რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით?  
როგორც სხვა სოციალური ქსელები, ეს პლატფორმაც საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს კომპანიებსა თუ მათი მარკეტერებისთვის, რადგან კონკრეტულ ასაკობრივ სეგმენტში, სწორედ აქ არის შესაძლებელი ინფლუენსერების პოვნა, რომლებიც ახალ ტრენდებს ქმნიან ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, ძალიან კარგად არის შესაძლებელი პროდუქტისა თუ სერვისის ორგანულად ინტეგრაცია ამ პლატფორმაზე, თუმცა ჯერჯერობით, ეს ქართულ ტიკტოკ სივრცეში არ ხდება. შეგვიძლია ვთქვათ რომ ფრეშ პლატფორმაა.

როცა ტიკტოკზე შედიხართ, მაშინვე იხსნება ვიდეო სიახლეების ზოლი. სახალისო ვიდეოები, რომელთა დიდი ნაწილი AR (გაფართოებული რეალობის) ფილტრების გამოყენებითაა შექმნილი, ან წარმოადგენს გამოწვევების ტიპის ვიდეოს, სპეციალური ჰეშთეგებით და ა.შ. ისევე, როგორც სხვა სახალისო აპლიკაციები Snapchat, ან Instagram, TikTok-იც იქცა ტინეიჯერებისა თუ მოზრდილების გასართობ პლატფორმად, სადაც იუმორნარევი კრეატივის ფრქვევა, ვიდეოების სახით შეუძლიათ.

გიორგი დანელიას თქმით, ქართული კომპანიებისთვის TikTok ჯერ კიდევ ახალი ხილია. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ცნობილი კომპანია უკვე იყენებს ამ პლატფორმას, მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. მათ შორისაა გამოცემა Washington Post.

ასევე, United Nations, რომელმაც TikTok-ზე გავრცელებულ გამოწვევებს (ჩელენჯებს) ფეხი აუწყო და ცეკვის გამოწვევა გააკეთა, რითაც სცადა გლობალური დათბობის შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინა, ჰეშთეგით #danceforchange.

უნდა აღინიშნოს, რომ TikTok-ს, ჯერჯერობით, არ აქვს ბმულების მითითების ფუნქცია, რაც ნიშნავს, რომ ბრენდებს მისი გამოყენება მხოლოდ ახალ აუდიტორიაში, ცნობადობის ასამაღლებლად შეუძლიათ. თუმცა, TikTok-ის ფორმატი საკმაოდ სახალისო და გამოხმაურებადი კონტენტის შექმნის საშუალებას იძლევა, მით უფრო, მაშინ, როცა ამ პლატფორმაზე შექმნილი ვიდეო შეგიძლიათ სხვა სოციალურ ქსელშიც გააზიაროთ.

განხილვა