ტინეიჯერებში განსაკუთრებით პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა TikTok ახალი ფუნქცია დააანონსა, რომლის მიხედვითაც მშობლებს აპლიკაციის მომხმარებელი შვილების კონტროლი შეეძლებათ. უფრო კონკრეტულად, მშობლებს შეეძლებათ დააწესონ TikTok-ის მოხმარების დროის ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემდეგაც, ტინეიჯერებს ვეღარ ექნებათ წვდომა სოციალური ქსელის ფუნქციებზე (მათ შორის, ვეღარ ნახავენ ვიდეოებსაც).
„გვინდა, ადამიანები გაერთონ TikTok-ით, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, რაც ნიშნავს ჯანსაღ დამოკიდებულებას ონლაინ აპლიკაციებთან, თუ სერვისებთან“, – ამბობს კორმაკ კენანი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით, TikTok-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

Family Safety Mode – ასე ჰქვია TikTok-ის ახალ ფუნქციას, რომლის დახმარებითაც მშობლებს იმის კონტროლიც შეეძლებათ, თუ ვის უგზავნის მათი არასრულწლოვანი შვილი მესიჯებს. ასევე, მათ შეეძლებათ ისეთი კონტენტის ბლოკირება, რომელიც შვილებისთვის არასასურველად მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სოციალური ქსელი არასრულწლოვან მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის არაკანონიერად დამუშავებისთვის დააჯარიმეს. ამ მომენტისთვის, Family Safety Mode ხელმისაწვდომია გაერთიანებულ სამეფოში. უახლოესი კვირების განმავლობაში კი, მის გამოყენებას დანარჩენი მსოფლიოც შეძლებს.











