რამდენად უინტერესოდაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ჰოლანდიური ველოსიპედების მწარმოებლის, VanMoof-ის უსაფრთხოების სისტემა – მის წარმოსაჩენად გადაღებული „რთული დროება სუპერქურდებისთვის” მაინც უნდა ნახოთ. კომპანია Rowdy-ს მიერ შექმნილი ანიმაციური რგოლი, ორიგინალური თიხის პერსონაჟებითა და მახვილგონივრული სიუჟეტით, ველოსიპედების გამტაცებლებს თავიანთ საქმიანობაზე დააფიქრებს, მფლობელებსა თუ ნეიტრალურ მაყურებელს კი, უბრალოდ კრეატივის ძალაში დაარწმუნებს.
ანიმაციური პერსონაჟები სუპერთაღლითებს განასახიერებენ. ხელოვნების ნიმუშების ქურდი, ჰაკერი და საკეტების გახსნის ოსტატი თიხის ფიგურებად ცოცხლდებიან და ერთი, თითქოს უბრალო ველოსიპედის მოპარვას ცდილობენ. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რემბრანდტი მოგიპარავთ წარსულში, ან გაგიტეხავთ თუ არა ბოსტონის ბანკი, იქნებ საკეტების გახსნაში ბადალი არ გყავდეთ – VanMoof-ის ველოსიპედის უსაფრთხოების სისტემის წინაშე მაინც უძლური იქნებით. ასეთია ანიმაციური სარეკლამო რგოლის იდეა, რომელსაც ფრთები რეჟისორმა ტობიას ფორეიკრმა შეასხა.
სანამ „რთული დროება სუპერ ქურდებისთვის“ რეჟისორად მოგვევლინებოდა, ტობიას ფორეიკრი ისეთ ტიტულოვან და ცნობილ ანიმაციებზე მუშაობდა, როგორიცაა უეს ანდერსონის Fantastic Mr. Fox და ტიმ ბარტონის Corpse Bride. ამდენად, გასაკვირი არ გახლავთ, რომ სარეკლამო რგოლში გადაღების უმაღლეს ხარისხსა და დახვეწილ ანიმაციურ ესთეტიკას ვხვდებით.