in

თიკო მაღრაძე – #პირველისამსახური

ერთდროულად, ორი პირველი სამსახური მქონდა. ექსტერნად ჩავაბარე და პარალელურად ვსწავლობდი ორ უნივერსიტეტში – სამეციდინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე (ვარ ლიცენზირებული ექიმი-კარდიოლოგი), ასევე, უცხო ენებზე – თარჯიმანი-სინქრონისტის სპეციალობაზე. ვცდილობდი, ორივე პროფესია მაქსიმალურად გამომეყენებინა. ამიტომ, სწავლის პარალელურად, 16 წლის ასაკში, მოხალისედ დავიწყე მუშაობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში – „ სანდო ექიმის სტატუსით“, რომელიც იმ წელს ახალი დანერგილი იყო და გულისხმობდა სხვადასხვა განყოფილებაში სტუდენტების როტაციული სისტემით დასაქმებას, პრაქტიკული გამოცდილების – „საექთნო საქმის“ დაუფლების კუთხით. ვმორიგეობდი, რათა სხვადასხვა განყოფილებაში გამეღრმავებინა სამედიცინო ცოდნა. ასევე, დავდიოდი მოსწავლეებთან სახლში და ინგლისურ ენაში ვამზადებდი. ამას გარდა, პერიოდულად ვთარგმნიდი სამედიცინო დოკუმენტაციას ინგლისურიდან ქართულ ენაზე.

23 წლის ასაკში შევიცვალე პროფესია და დავიწყე სამსახური „დანიურ სახლში“, სადაც უცხო ენებისა და „კომპიუტერთან მეგობრობის“ გამო მიმიღეს. ჩემი იმჟამინდელი ფუნქციები მოიცავდა – მომწოდებლების კატალოგის დამუშავებასა და პროდუქტის გასაყიდი ფასის დადგენას, შესასყიდი ფასის მიხედვით.

დაბრკოლება და ნერვიულობა თან სდევდა პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას და პროფესიას – პირველ პაციენტთან, პირველ მოსწავლესთან და შემდეგ, პირველ ფასდადგენასთანაც. ყველაფერი რაც ახალი იყო – არანორმალურად სტრესული და შრომატევადი გახლდათ. რადგან ვცდილობდი ხარისხიანად შემესრულებინა მოვალეობა – თუმცა ამისთვის ცოდნა და გამოცდილება ცალსახად არ მყოფნიდა. შესაბამისად, იყო შენიშვნები, პერმანენტული მითითებები და ზოგჯერ, საკმაოდ მკაცრი საყვედურებიც.

საბოლოოდ, გამოვიმუშავე უნარი ფოკუსირება მომეხდინა საქმეზე, რომელსაც ვაკეთებდი და არა ადამიანურ ემოციებზე, რომელიც მორალურად მაზიანებდა. მაქსიმალურად ვიღებდი, ვითვისებდი და ვამუშავებდი ინფორმაციას, ვსწავლობდი ყველასგან, ვინტერესდებოდი დეტალებით, ვქმნიდი მოდელებს, რომლებიც „უკეთესად იმუშავებდა“ – ამან მიმიყვანა სწორ განვითარებამდე და ეფექტურ შედეგებამდე, საქმის კუთხით. ვისწავლე ღირებულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, რამაც შემდგომში გამიმარტივა გადაწყვეტილების მიღება და მიზნის განხორციელება.

თიკო მაღრაძე – ციფრული სააგენტო „ მეტა“-ს მმართველი პარტნიორი, ორმაგი მაგისტრი ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით, PhD კანდიდატი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ტექ-ინოვაციის სტრატეგიული და საოპერაციო ხელმძღვანელი.

როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია? – ინტერვიუ Pellenc-ის წარმომადგენელთან

რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო?