თანამშრომელთა ახალმა თაობამ ზარმაცი ადამიანების რეპუტაცია მოიპოვა, რომელსაც არაფერი სურს, ინფლუენსერობის გარდაო… — ასე ამბობენ, თუმცა ტიკტოკის უახლესი 5 to 9 before 9 to 5 ტრენდი, შესაძლოა, ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდეს — 20-30-წლამდე ადამიანები დილით ადრე იღვიძებენ, რუტინულად 5 საათზე, ზოგიც 04:30-ზე, რათა ივარჯიშონ, მედიტაციას მიმართონ ან გააკეთონ ნებისმიერი რამ, სანამ სამუშაო დღე დაიწყება. შეიძლება, თქვენთვის მეტად უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ისინი ამ მეთოდით თავს უფრო ბედნიერად და ენერგიულად გრძნობენ.
და თუ გაინტერესებთ, მაინც ვინ ირგებს დილით „მამლის როლს“, ერთი ტიკტოკერის Maddi Todd-ის შემთხვევა განვიხილოთ, რომელსაც 168 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს: ხან ძაღლებს ასეირნებს, ხან ვარჯიშობს, ხან კი უბრალოდ ისვენებს, თუმცა მისი ვიდეოები საკმაოდ სახალისოა. იგი სხვა ტიკტოკერებთან ერთად #5to9before9to5-ს იყენებს და საუბრობს დროზე, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით. ამ მეთოდით დღის რამდენიმე საათზე ავტონომია აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანიაო, ამბობენ. თუნდაც ეს მხოლოდ 1 საათი იყოს…
ეს ტრენდი ახლა კი განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა, მაგრამ ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ ინდივიდებში დილით ადრე გაღვიძებაში არაფერია ახალი. აი, მაგალითად მერედით ამბროუსი, 39 წლის დედა და სპორტსმენი, რომელიც 15 წლის მანძილზე ყოველ დილით ადრე იღვიძებს და მარათონისთვის ვარჯიშობს: „მომწონს დილით ვარჯიში, რადგან ეს მაცოცხლებს და მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო ჩემს დღეზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება დამჭირდება“. დღეს მომხმარებელთა მომსახურების გუნდის მართვას უთმობს, საღამოს კი ბავშვებთან ატარებს, შესაბამისად, მისთვის დღის დაწყება საკუთარი თავისთვის დროის მიძღვნით მნიშვნელოვანია. როგორც ამბობს, ამ მეთოდით შვილებსაც აჩვენებს, რომ თუ რაღაც სურთ, ამისთვის დროსაც გამონახავენ.
თუმცა მართალია, ყველა ე. წ. დილის ადამიანი არ არის, მაგრამ დილით ადრე გაღვიძების მეცნიერების უკან ბედნიერი გრძნობების მიზანი იმალება. ამ კუთხით საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს 2021 წლის JAMA-ს კვლევა, რომ ადამიანის განწყობა და დაძინება-გაღვიძების რუტინა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს — 1 საათით ადრე დასაძინებლად წასვლა და შემდეგ 1 საათით ადრე დღის დაწყება დეპრესიის რისკს 23%-ით ამცირებს.
5 to 9 before 9 to 5 რუტინა ყველასთვის მაინც შეიძლება არ იყოს, მაგრამ ეს ტრენდია. თუმცა რამდენად გვაჩვენებს, რომ ტიკტოკერებს ჯანმრთელობის საკითხები აინტერესებთ ან ზარმაცები არ არიან, ეს სადაო შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, ამ თაობის წარმომადგენლებიდან, რამდენს აქვს თავის დროზე ავტონომია, ამას ნამდვილად ვიგებთ. სწორედ ამ უკანასკნელის გამო მიისწრაფვიან მეტი მოქნილობისკენ სამსახურში. თანაც, როცა სამუშაო საათების რუტინა არ გვეკუთვნის, 5-9-მდე ჩვენი თავისთვის დროის გამოყოფა, არც ისე ცუდი ვარიანტია.