როგორც გავიგეთ, TikTok ბრენდირებული კონტენტისთვის და რეკლამებისთვის პლატფორმაზე მომხმარებლებს AI ავატარებს სთავაზობს. Stock Avatars-საც უშვებს და კრეატორებისა თუ ბრენდებისთვის AI Dubbing-ის ხელსაწყოსაც გვიზიარებს, რათა რეკლამებისა და ბრენდირებული კონტენტის წვდომა გაზარდონ… უფრო დეტალურად კი ქვემოთ მოგიყვებით.
ახალი Custom Avatars იმისთვისაა შექმნილი, რომ ბრენდის სპიკერი ან კრეატორი წარმოადგინოს. მათ შეუძლიათ სასურველი ვიზუალი მრავალენოვანი ავატარებით შექმნან, გავიდნენ გლობალურ მასშტაბზე და ბრენდებთან თანამშრომლობაც მოახერხონ. ბრენდებს კი, თავის მხრივ, შეეძლებათ ავატარები თავიანთ სპიკერთან ან კრეატორთან ერთად შექმნან, რომელთანაც ადგილობრივი კამპანიებისთვის პარტნიორობენ.
აქვეა ახალი Stock Avatars, რომელიც ჩაშენებულ ავატარებს წარმოადგენს და, თავის მხრივ, ფასიანი აქტორებისგან იქმნება, რომელთაც კომერციული გამოყენების ლიცენზია აქვთ — ამ ავატარების უკან არსებული იდეა ბიზნესებისთვის არსებულ კონტენტზე ადამიანური ხედვის დამატება გახლავთ. როგორც პლატფორმაზე აცხადებენ, ავატარები იქმნება სხვადასხვა წარმომავლობის, ეროვნებისა თუ ენის აქტორებისგან.
თუმცა როგორც ყოველ AI სიახლეს, ამ ამბავსაც თან ახლავს შიშები… ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ ცნობადი სახეების მსგავსი AI რეპლიკები შეიქმნება, თუმცა მეორე მხარეს ტიკტოკი დგას და გვეუბნება, რომ პლატფორმის კრეატორებს შეუძლიათ, თავადვე გააკონტროლონ, მისცენ თუ არა სხვებს უფლება, მათი მსგავსი ვიზუალის გენერირების. ლიცენზირებაც მათ ხელშია და ისიც, თუ ვის და როგორ შეუძლია ამ ავატარების გამოყენება.
რაც შეეხება AI Dubbing-ის ხელსაწყოს, კრეატორებსა და ბრენდებს საშუალებას მისცემს, თავიანთი კონტენტი 10 ენაზე თარგმნონ, მათ შორის ინგლისურზე, იაპონურზე, კორეულსა და ესპანურზე. იგი ავტომატურად ადგენს ვიდეოში გამოყენებულ ენას, შემდგომ ტრანსკრიფციას უკეთებს და კონტენტს თარგმნის, რათა მომხმარებელს ვიდეო სასურველ ენაზე შესთავაზოს. თუ ტიკტოკს დავუჯერებთ, ეს ახალი ფუნქცია პლატფორმის მომხმარებლებს გლობალურ აუდიტორიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეების შესახებ მას შემდეგ ვიგებთ, რაც სტატისტიკა გაგვაცნეს — მომხმარებელთა 61%-ს მიუღია ყიდვის გადაწყვეტილება პირდაპირ ტიკტოკზე ან აქ რეკლამის ნახვის შემდგომ…
ახალი ფუნქციები კი TikTok Symphony-ის ნაწილი იქნება, მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიის სარეკლამო კომპლექტის, რომელიც გენერაციული AI-თ არის გაძლიერებული. ეს მოიცავს ისეთ ხელსაწყოებს, რომლებიც მარკეტერებს სცენარების დაწერაში, ვიდეოების შექმნასა და არსებული აქტივების გაუმჯობესებაში ეხმარება.