TikTok ონლაინშოპინგის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადადის. პლატფორმა AI-ზე დაფუძნებულ შოპინგის ასისტენტსა და ახალ checkout-ფუნქციას უშვებს, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტის შეძენის საშუალებას პირდაპირ აპლიკაციიდან მისცემს.
ახალი Shopping Assistant ინტერაქციული AI-აგენტია, რომელიც მომხმარებლებს პროდუქტის აღმოჩენასა და შეძენაში ეხმარება. TikTok-ის განცხადებით, ასისტენტს შეუძლია საუბრის კონტექსტისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, როგორებიცაა: პროდუქტის მახასიათებლები, მიწოდების პირობები, ზომები, ხელმისაწვდომობა და შეძენის დასრულება.
მეორე სიახლე checkout-ფუნქციაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ბრენდისგან პროდუქტის შეძენა პირდაპირ For You-გვერდიდან, ერთი დაწკაპუნებით შეეძლება.
ახალი ფუნქციები TikTok-ს საშუალებას მისცემს, მომხმარებლის შოპინგის პროცესი გაამარტივოს და პლატფორმიდან გასვლა არ დასჭირდეს პროდუქტის აღმოჩენიდან კითხვებზე პასუხის მიღებასა და საბოლოო გადახდამდე.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია TikTok-ისთვის, რადგან პლატფორმაზე პროდუქტის აღმოჩენა ხშირად იმპულსურ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ახლა მომხმარებელს შეუძლია, საინტერესო პროდუქტი ჯერ ვიდეოში ნახოს, მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია AI-ასისტენტს ჰკითხოს და შეძენაც იქვე დაასრულოს.
ამასთან, საკუთარი AI-ასისტენტის აპლიკაციაში ინტეგრირებით TikTok, როგორც ჩანს, ცდილობს, პროდუქტის შესახებ კითხვების გაჩენისას მომხმარებლები სხვა AI-პლატფორმებზე, მაგალითად, ChatGPT-ზე, აღარ გადავიდნენ.
ახალი ფუნქციები შექმნილია სხვადასხვა კომერციულ და საგადახდო პლატფორმასთან პარტნიორობით, მათ შორისაა Salesforce, Shopify, Shoplazza და Stripe.
TikTok-ის ელკომერციული სტრატეგიის მთავარი ინსტრუმენტი აქამდე TikTok Shop იყო. ახალი ფუნქციები კი ამ მიდგომას აფართოებს – საყიდლები უკვე მხოლოდ ცალკე სავაჭრო სივრცეში აღარ იქნება თავმოყრილი და პირდაპირ აპლიკაციის ძირითად გამოცდილებაში, მათ შორის For You-გვერდზეც ინტეგრირდება.
ახალი AI-ასისტენტისა და აპშივე გადახდის შესაძლებლობის დამატებით TikTok კიდევ უფრო ამცირებს საზღვრებს და სოციალური ქსელიდან სავაჭრო პლატფორმად გარდაქმნის პროცესს აჩქარებს.












