in

TikTok-ის ახალი ხელსაწყოები – პრემიუმ განთავსებები, მინი-სერიალები და AI ავატარები

TikTok-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე, TikTok World, სარეკლამო ინსტრუმენტების სრულიად ახალი არსენალი წარადგინა. მთავარი სიახლე პრემიუმ სერვისი TopReach-ია. ბრენდებს უკვე შეუძლიათ, აპლიკაციის ორი ყველაზე ხილვადი ადგილი – TopView და TopFeed – ერთიან, თხრობით კამპანიად აქციონ და დღის განმავლობაში შემოსული აუდიტორია 100%-ით დაფარონ. მიუხედავად მაღალი ფასისა, ახალი პროდუქტის ხმაურიანად ჩასაშვებად ეს მშვენიერი ვარიანტია.

პლატფორმამ ინტერაქტიული მიმართულებაც საგრძნობლად გააძლიერა. თამაშების შემქმნელებისთვის Growth Max for Mini Games ჩაეშვა, რაც მომხმარებელს რეკლამის ნახვისას პირდაპირ თამაშში რთავს. პარალელურად, TikTok მინი-სერიალების ტრენდს პასუხობს და კრეატორებს ეპიზოდური კონტენტით ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევს – მაყურებელმა ან უნდა გადაიხადოს, ან რეკლამას უყუროს. მასშტაბური კამპანიებისთვის კი ახალი ფუნქცია, Branded Buzz დაემატა. ის ბრენდებს ეხმარება, ასობით კრეატორთან ითანამშრომლონ, ათასობით ვიდეოს სინერგიით ორგანული განხილვების ტალღა ააგორონ და ეს ყველაფერი ახალი Search Hubs-ით პირდაპირ ძიების შედეგებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ.

რა თქმა უნდა, ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო. განახლდა ინსტრუმენტების ნაკრები Symphony, თუმცა ნამდვილი ჰიტი ახალი AI ავატარებია. პლატფორმას დაემატა როგორც ხმის გამხმოვანებელი, ისე უშუალოდ პროდუქტის წარმდგენი რეალისტური ავატარები, რომლებიც 30-ზე მეტ ენაზე საუბრობენ. გარდა ამისა, ამოქმედდა TikTok Ads MCP სერვერი, რითაც მარკეტერებს თავიანთი კამპანიების მართვა უკვე მესამე მხარის ისეთი ძლიერი AI ინსტრუმენტებით შეუძლიათ, როგორებიცაა Claude და ChatGPT.

გაუმჯობესდა Smart+ AI კამპანიები და დაემატა Music Autofix, რომელიც საავტორო უფლბების გამო დაბლოკილ მუსიკას მომენტალურად აფიქსირებს. მონაცემების უკეთ გასაანალიზებლად კი GMV Max და TikTok Market Scope სისტემები გაფართოვდა. ერთი სიტყვით, პლატფორმამ მარკეტერებს სრულიად ახალი, მძლავრი სათამაშო მოედანი შეუქმნა, სადაც ბრენდის პრომოუშენი ბევრად უფრო შემოქმედებითი და ტექნოლოგიური ხდება.

წყარო: Socialmediatoday

Apple Siri-ს ახალ ვერსიას ჩატების ავტომატური წაშლის ფუნქცია დაემატება

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა