აწ უკვე გასულ წელს TikTok-მა Live ვიდეოს შემქმნელებს აუდიტორიის ასაკის კონტროლი დაუწესეს — სხვა სიტყვებით, მათ შეეძლოთ, 18 წელზე უმცროსი ხალხისთვის კონტენტი შეეზღუდათ. ხოლო გასულ კვირას განაცხადეს, რომ ეს ფუნქცია ე. წ. Short Video-საც შეეხება.
„ჩვენი პოლიტიკა კვლავაც სრულად ვრცელდება კრეატორებზე, რომლებიც ამ ფუნქციას იყენებენ. ასევე, ჩვენ წავშლით კონტენტს, რომელიც სიშიშვლეს შეიცავს და გარკვეულ წესდებას არღვევს. მომხმარებლებს რეგულარულად ვაცნობთ ჩვენს წესებს, რათა მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო სივრცე შევქმნათ“, — აცხადებს TikTok.
საგულისხმოა, რომ TikTok-მა ახლახან გადაწყვიტა, ინტიმური ფოტოების გავრცელებას Bumble-სა და Meta-სთან პარტნიორობით შეჰბრძოლებოდა. შედეგად, ამ პარტნიორობის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტი შეიზღუდება. პლატფორმაზე კონტენტის ასაკობრივი შეზღუდვა გასულ ივლისში დაიწყო, რათა 13-დან 17 წლამდე მოზარდებმა არ ნახონ კონტენტი, რომელიც ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი — უხამსობის ან სექსუალური მინიშნებების შემცველი ვიდეოები. კომპანიის თანახმად, ასეთი ვიდეოების რიცხვი ყოველთვიურად 1 მილიონს აღწევს.
„ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით მოზარდებს, უსაფრთხო, პოზიტიური და სახალისო გამოცდილება ჰქონდეთ. უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი არხები მხოლოდ შესაბამისი კონტენტით აივსოს“, — აღნიშნავენ TikTok-ში.













