თუ არ გინდათ, რომ ტიკტოკზე თქვენი გვერდი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტით გადაივსოს, ახალი ფუნქციით უნდა ისარგებლოთ, რომელიც რაოდენობის განსაზღვრის ნებას გაძლევთ. ამასთან, AI კონტენტის ამოსაცნობად უკეთეს საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გამოცდილება კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ახალ AIGC-ს ფუნქციას აპლიკაციის Manage Topics-ში იპოვით, საიდანაც შეგეძლებათ, აირჩიოთ, რისი ნახვა გსურთ ტიკტოკზე — „Manage Topics ადამიანებს უკვე საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ, რამდენი კონტენტის ნახვა სურთ 10 კატეგორიიდან, მათ შორის ცეკვის, სპორტისა და კვების სექტორის. ამ საკონტროლო ფუნქციების მსგავსად, ახალი AIGC საშუალებას მისცემს მათ, ფიდი თავიანთ ინტერესებს მოარგონ“.

ეს ცვლილება კი მას შემდეგ მივიღეთ, რაც OpenAI-მ და Meta-მ მხოლოდ AI კონტენტის მქონე სოციალური ქსელები შექმნეს. სექტემბერში მეტამ Vibes ჩაუშვა მოკლე AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოების შექმნისა და გაზიარებისთვის, რასაც მალევე მოჰყვა Sora, სოციალური მედია პლატფორმა AI-ის მიერ გენერირებული ვიდეოების შექმნისა თუ გაზიარებისთვის. სორას ჩაშვებას, თავის მხრივ, ტიკტოკზე რეალისტური AI ვიდეოების მატება მოჰყვა, ამასთან, ტიკტოკის ბევრი მომხმარებელი სარგებლობს ხელოვნური ინტელექტით, რათა თავიანთი პოსტების ვიზუალები შექმნან.
ახლა კი მათ, ვისაც არ სურს ბევრი AI კონტენტის ნახვა, შემდგომი ნაბიჯები უნდა გაიარონ აპლიკაციაში: Settings > Content Preferences > Manage Topics, სადაც სლაიდერს საკუთარი სურვილისამებრ გაანაწილებენ.
ხოლო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი უკეთ რომ აღნიშნოს, ტიკტოკი Invisible watermarking-ის ტექნოლოგიას ცდის. ამ ეტაპისთვის კი C2PA-ის Content Credentials-ს იყენებს, რომელიც კონტენტში მეტამონაცემებს ამატებს, რათა დააიდენტიფიცირონ, როდის არის კონტენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული. მიუხედავად ამისა, ტიკტოკი აღნიშნავს, რომ ამ ნიშნების წაშლა შესაძლებელია, როცა კონტენტი ხელახლა იტვირთება ან რედაქტირდება სხვა პლატფორმებზე.
სწორედ ამან წარმოშვა ახალი ტექნოლოგიის გატესტვის საჭიროება — ასე დამატებით დაცვას უზრუნველყოფენ და კონტენტის უხილავ ნიშნებს, რომლებიც AI Editor Pro-ს საშუალებით დაემატება, მხოლოდ თავად წაიკითხავენ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვებისვის მათი წაშლა ბევრად რთული იქნება…










