TikTok მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი და პოპულარული აპლიკაციაა, რომლისგან ბევრი საინტერესო რამის მიღება შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი აპლიკაციის დახმარებით პაემნის დანიშვნაა.
შეგიძლიათ, დაივიწყოთ უამრავი სხვადასხვა აპლიკაცია, რომლითაც სასურველ ადამიანთან შეხვედრას ცდილობთ. ონლაინ გაცნობა ჩვეულებრივ, არავირუსულ დროშიც კი ძნელია და რა თქმა უნდა, პანდემია ამას უფრო ართულებს. ამიტომაც, მრავალი მარტოხელა ადამიანი ამბობს, რომ “მარტო ყოფნა” კომფორტის ზონად იქცა. ამის მიუხედავად, სტატისტიკა სულ სხვა რამეს ამტკიცებს – როგორც ჩანს, გაცნობის აპლიკაციები 2020 წლიდან მოყოლებული სულ უფრო აქტუალური ხდება.
TikTok-ზე გაცნობისა და პაემნის დანიშვნის ერთ-ერთ მაგალითად, შეგვიძლია, სტივენ ოსვალდის მაგალითი მოვიყვანოთ. ის 2020 წლის ოქტომბერში, მეგობრის ქორწილში წასასვლელად, შესაფერის პარტნიორს ეძებდა და ამისათვის, ყველაზე კარგ გზად სწორედ “ტიკტოკი” მიიჩნია. შედეგად კი 12 000-ზე მეტი მოწონება და კომენტარი მიიღო.
“სად შემიძლია, ჩემი რეზიუმე გავაგზავნო?”; “მინდა წავიდე!!! ეს საოცრად ჟღერს და მე შესანიშნავი ვარ საცეკვაო მოედანზე”… – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა სტივენ ოსვალდის “გამოწვევას”, რაც მისთვის საკმაოდ გასაკვირი იყო და ნამდვილად არ ელოდა მსგავს რეაქციას. საბოლოოდ კი მრავალთაგან ერთ-ერთთან წარმატებით განაგრძო ურთიერთობა – ისინი ქორწილშიც ერთად წავიდნენ და ზაფხულში ერთად დასვენებასაც კი გეგმავენ. “მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ… ერთ დღესაც ჩემს ბებიებს ვუთხარი, რომ ინტერნეტში გავიცანი ადამიანი, რომლის ქორწილში წაყვანაც შევძელი.
არ შეიძლება, რომ ნებისმიერი აპლიკაცია იყოს გაცნობისთვის განკუთვნილი?
ზედაპირულად, ნამდვილად ადვილია იმის თქმა, რომ ყველა პლატფორმა შეიძლება, გაცნობის აპლიკაციად მივიჩნიოთ. თუმცა ამ ტენდენციის უკეთ გასაგებად, შეგვიძლია, ერთ-ერთი “ტიკტოკერი” ამელია სამსონის კომენტარი მოვიხმოთ: “TikTok სხვის სამყაროში მოხვედრას ჰგავს, როგორც იმავე ოთახში ყოფნა. თქვენ ხედავთ, როგორია ადამიანი მისი სტილის მიღმა და როგორი იუმორის გრძნობა აქვს მას. ზოგჯერ ისინი უბრალოდ კამერის წინ საუბრობენ და ხვდებით, რამდენად ემთხვევა თქვენი შეხედულებები”.
მართლაც, პანდემიური წლის განმავლობაში TikTok-ის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. აპლიკაციების ანალიტიკური პლატფორმა App Annie-მა Forbes-ს განუცხადა, რომ 2020 წელს, გლობალური მასშტაბით, “ტიკტოკი” ყველაზე მომდგებიან აპლიკაციად იქცა. შესაძლოა, აღნიშნული აპლიკაცია სწორედ იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც სხვადასხვა გასართობ ადგილებში გასვლის შეზღუდვას ეხება.
ამასთან ერთად, TikTok-ს უპირატესობას ანიჭებს ის ფაქტიც, რომ აქ გარდა ვიზუალისა, სტილისა და შეხედულებებისა, სხეულის ენაც აღქმადია. პოპულარული ეფექტებისა და ჩელენჯების გარდა, აქ ადამიანები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სქესი, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, დეპრესია და სხვ. ეს ყველაფერი ნამდვილია – ისინი რეალურ გრძნობებს უზიარებენ ერთმანეთს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისი წილი ხელოვნურობა შენარჩუნებული არ იყოს – აქაც ისევე ცდილობენ ადამიანები რაღაცის დამტკიცებას, როგორც სხვა სოციალურ ქსელებში.
როდესაც ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს იღებს
თუ თქვენთვის TikTok-ის ალგორითმი მაინც მისტიკურად ჟღერს, ნუ იღელვებთ – რამდენიმე “ტიკტოკ” ანგარში ადამიანების გაცნობა-შეთავსებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ანგარიში სახელწოდებით, Your Rishta Auntie ერთგვარ ტრადიციულ “მაჭანკალს” მოგვაგონებს, რომელიც ადამიანების დასაწყვილებლად თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.
“მე მქონდა იდეა, შემექმნა განსჯისგან თავისუფალი სივრცე, სადაც უფრო მეტ ადამიანს ვაპოვნინებთ ერთმანეთის შესაფერის მეწყვილეს” – ამბობს რიშტა. მის ანგარიშს 12 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ნაწილი მათგანი პლატფორმაზე ანონიმურობას ამჯობინებს და მხოლოდ რიშტას უკავშირდება მობილური ტელეფონით, რათა ღიად გააცნოს საკუთარი თავი.
რიშტა ერთადერთი არ არის, ვინც ამ საქმიანობას ეწევა. ამასთან ერთად, ანგარიში, სახელწოდებით Chloe Burdette, აქტიურად ცდილობს საკუთარი მარტოხელა მეგობრების სხვებისთვის გაცნობას. ამისათვის, მან გააკეთა ვიდეო, სადაც ადამიანები თავიანთი მნიშვნელოვანი ფაქტებით იყვნენ წარმოდგენილნი. “ეს მათი ნამდვილი სახეა. თქვენ ხედავთ მათ ღიმილს, სიცილს და მოძრაობას” – ამბობს ის.
შეიძლება ითქვას, რომ “თანამედროვე მაჭანკლები” უკეთ ახერხებენ სხვების წარმოჩენას, ვიდრე თავად ისინი.
სიყვარული 60 წამში
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ TikTok უშუალოდ გაცნობის აპლიკაცია არ არის. უბრალოდ, მისი დამატებითი მნიშვნელობით გამოყენება შეგიძლიათ. სავარაუდოდ, პლატფორმას ბევრი ისეთი მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც სრულებით არს სურს ვიღაც სხვის გაცნობა. არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომელიც არასასურველი გამოხმაურებისგან დაგიცავთ.
ასეთია ინტერნეტი: არეულობა, რომელიც ბრწყინვალე სარგებლიანობასა და “კატასტროფას” შორის ციმციმებს.
თუმცა ფაქტი ერთია, ჰეშთეგს #single 18.5 მილიარდი ნახვა აქვს და ეს ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ აპლიკაციას გაცნობის სახით ახალი დატვირთვა აქვს.