ვერ მოიფიქრეთ, რა მოამზადოთ და ახალი რეცეპტის პოვნა გინდათ? TikTok-ს სურს, ამისთვის Google აღარ გამოიყენოთ და სანაცვლოდ, ახალ საძიებო სისტემის ვიჯეტს გთავაზობთ — საძიებო ველის მსგავსად, მთავარ ეკრანზე გამოჩნდება, მის ქვემოთ კი სამ ვარიანტს დაინახავთ, რათა ნახოთ, ვის მიჰყვებით, მარტივად დაპოსტოთ და გადახვიდეთ შეტყობინებებში.
TikTok სავსეა ვიდეოებით, რომლებიც ძირითადად ცეკვას, კატებს, ძაღლებს, ჰოროსკოპებსა და სხვა საკითხებს შეეხება. თაობა ზეტისთვის ყველაზე სასურველი საძიებო სისტემაც კია, აქ ისინი ეძებენ ადგილებს, სადაც გემრიელად ჭამას შეძლებენ; ტრენდებსა და გამოსადეგ ხრიკებს, რითაც რაღაცებს მეტად მარტივად გააკეთებენ. ახალი ამბების გასაგებად მთავარ წყაროდაც კი იქცა და მომხმარებლებს უახლეს ინფორმაციებს სთავაზობს. დეზინფორმაციაზე საუბარს რომ თავი ავარიდოთ, აპლიკაცია, როგორც ჩანს, უბრალოდ სოციალური მედია პლატფორმიდან საძიებო სისტემაზე გადასვლისკენ მიისწრაფვის.

New York Times იმაზეც საუბრობდა, რომ ალგორითმმა Google-ზე უფრო ლაკონიური და პერსონალიზებული პასუხები გასცა მომხმარებლებს — თუ სარეკომენდაციო წერილის დასაწერად რჩევები გჭირდებათ, Google ზოგად პასუხს შემოგთავაზებთ, როცა TikTok-ში სპეციალისტების ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ, რომლებიც აგიხსნიან, თუ რა და როგორ გააკეთოთ…
პრაბჰაკარ რაღავანმა, Google-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ TikTok-სა და Instagram-ს საუზმისთვის კარგი ადგილების საპოვნელად ახალგაზრდების 40% სტუმრობს და ამისთვის Google Maps-ს ან Search-ს ნაკლებად მიმართავენ. მეტიც, გასულ წელს TikTok-მა კამპანია შემოგვთავაზა, რათა ახალი თაობის მთავარ საძიებო სისტემად დაესახელებინა საკუთარი თავი და იგიSearch it with TikTok-ის სახელით გაგვაცნო.
დაბოლოს, ერთი კითხვაც გვაქვს: თქვენ რომელ საძიებო სისტემას იყენებთ?










