TikTok პლატფორმას ახალ Security Checkup-ის ხელსაწყოს ამატებს, რომელიც მომხმარებლებს ანგარიშის უსაფრთხოების პარამეტრების სწრაფად ნახვისა და განახლების შესაძლებლობას სთავაზობს. ფუნქცია მსგავსია იმ უსაფრთხოების ხელსაწყოებისა, რომლებსაც ტიკტოკის კონკურენტი Instagram და ტექნოლოგიური გიგანტი გუგლი გვთავაზობს.
მომხმარებლებს ახალ ხელსაწყოზე წვდომის მიღება თავიანთი პროფილიდან შეეძლებათ. ჯერ Settings and privacy-ის უნდა დააკლიკონ, შემდეგ კი Security and permissions აირჩიონ. აქ გიდი დახვდებათ, რომელიც სოციალური ქსელის უსაფრთხოების ფუნქციებს გააცნობს და უბიძგებს, რაც შეიძლება მეტი ხელსაწყო გამოიყენონ, რათა ანგარიშები მაქსიმალურად დაიცვან.
ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა დაუკავშირონ აპლიკაციას, რათა ანგარიშზე წვდომის დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენის მეტი შანსი ჰქონდეთ. ორმაგ ვერიფიკაციასაც შეუძლიათ მიმართონ, რაც კიდევ უფრო უსაფრთხო სივრცეს შექმნის მათთვის, როცა უცნობი მოწყობილობიდან გადაწყვეტენ ანგარიშში შესვლას.
მეტიც, Security Checkup შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ, რომელი მოწყობილობებით ვყოფილვართ ჩვენს ანგარიშში შესული და თუ ისეთს აღმოვაჩენთ, რომელსაც აღარ ვიყენებთ ან ვერ ვცნობთ, უნდა ამოვშალოთ. ხელსაწყო მოწყობილობაზე დაფუძნებულ ავთენტიფიკაციის მეთოდებსაც გვთავაზობს, მათ შორის Face ID-სა და Touch Unlock-ს.
საინტერესოა, რომ ტიკტოკი სულ უფრო მეტს მუშაობს პლატფორმის უსაფრთხო სივრცედ ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ამ მიზნით ცოტა ხნის წინ ახალი ფუნქციები მშობლებსაც შესთავაზა.