თაობა ზეტისთვის TikTok მხოლოდ სოციალური ქსელი არ არის.
ეს საძიებო სისტემაა. კვლევები ადასტურებს, რომ:
- ამ თაობის 10-დან 1 საძიებო სისტემად უფრო მეტად TikTok-ს ეყრდნობა, ვიდრე Google-ს;
- Google-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა აღიარა, რომ ახალგაზრდების თითქმის 40% წასახემსებელი ადგილის ძიებისას Google Maps/Search-ის ნაცვლად TikTok-ზე არკვევს, სად წავიდეს.
და რადგან საძიებო სისტემა ასეთი მნიშვნელოვანია, რა უნდა გავაკეთოთ, რომ TikTok-ის SEO-მ საჩვენოდ იმუშაოს? როგორც ამ საქმის სპეციალისტები გვირჩევენ, პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანის მოძიება არხის სამართავად, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
- თქვენს ვიდეოებს სჭირდება კონკრეტული სახე, ამიტომ იპოვეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია და უყვარს კამერასთან მუშაობა და აუდიტორიის მართვა;
- TikTok-ზე წარმატების მისაღწევად, დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოთ პოსტები. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირველ დღეებში შედეგი არ გექნებათ;
- სტრატეგია: აუცილებელია სტრატეგიული მიდგომა. საქმე მხოლოდ შემთხვევით პოსტვასა და ყველა ტენდენციის გათვალისწინებას არ ეხება. ადამიანმა უნდა იცოდეს, რაზე იყოს ორიენტირებული, რა კონტენტი შექმნას და რას უნდა მიანიჭოს უპირატესობა;
- ვიდეომონტაჟი: აუცილებელია მოკლე ვიდეოების აწყობა/მონტაჟის ცოდნა.
იდეალური ადამიანი თავად ზეტ თაობის წარმომადგენელია. ისინი თვითონ არიან TikTok-ის თაობა და საუკეთესოდ ესმით ამ პლატფორმის.
მეორე მნიშვნელოვანი და დროულად მოსაგვარებელი ნაბიჯია თქვენი TikTok ანგარიშის დარეგულირება. დაიწყეთ თქვენს ნიშაში არსებული ვიდეოების ძებნა და თვალიერება. საჭიროა, ასევე, მოიწონოთ და დააკომენტაროთ, რათა ალგორითმმა დაიმახსოვროს, რა არის თქვენი ინტერესის სფეროები და TikTok-მაც გაგიცნოთ, როგორც აქტიური მომხმარებელი თავის სივრცეში.
საკვანძო სიტყვები
ბევრი თვლის, რომ გამოყენებული სიტყვები უნდა იყოს მოკლე, ერთსიტყვიანი, მაგრამ გააჩნია, რა სიტყვებს ვიყენებთ. თუკი რამე ისეთია, რასაც თქვენ გარდა 1000 ვიდეოს ქვეშ წერენ, არ გირჩევთ, ჯობს, ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლის გარშემოც ნაკლები ადამიანი ქმნის კონტენტს და უფრო მაღალია შანსი, რომ თქვენი ვიდეო გამოჩნდეს, როდესაც ვინმე ეძებს მას. ამისთვის კი გრძელ წინადადებასაც არ მოერიდოთ, გრძელში 3-4 სიტყვას ვგულისხმობთ.
დაგეგმეთ 80/20%-ზე სტრატეგია
თუ თქვენი ანგარიში ახალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონტენტი მალე დაიკავებს რეიტინგში მოწინავე ადგილს. ამაში კი საკვანძო სიტყვებიც ვერ გიშველით.
საჭიროა, კონტენტის 80% მიმართოთ თქვენს გვერდზე მოხვედრაზე, ხოლო 20% უნდა იყოს ძიებაზე დაფუძნებული. მაშინაც კი, თუ არ გყავთ გამომწერი, თქვენი ვიდეო შეიძლება ვირუსული გახდეს, თუ ალგორითმი მას სწორ ადგილას განათავსებს.
ეს ნიშნავს ისეთი ვიდეოების შექმნას, რომლებიც:
- პირველი 2-3 წამის განმავლობაშივე მიმზიდველია;
- დინამიკური და ვიზუალურად საინტერესოა;
- დაკავშირებულია ტენდენციებთან;
- თუ თქვენ ბრენდი ხართ, კონტენტის იდეები ასევე მოიცავს ბრენდის სიახლეებს, კულისებს, დამფუძნებლის შესახებ ისტორიებს და სხვა. მაგალითად, დღეს პოპულარული ფორმატია ბრენდის უკან მდგომი თანამშრომლების ჩვენება.
რამდენად დიდ როლს თამაშობს ვირუსული გავრცელება რეიტინგებს
სოცმედია ექსპერტები ზუსტად ვერ გვეუბნებიან, ხელს უწყობს თუ არა ვირუსული გავრცელება რეიტინგს, მაგრამ აუდიტორიის მოზიდვაში ნამდვილად გეხმარებათ. ვირუსული ვიდეოები ხშირად იწვევს მიმდევრების რაოდენობის ზრდას, რაც მომავალში უფრო დიდ ბაზას გაძლევთ სასაუბროდ.
აი, როგორ მუშაობს TikTok:
- თქვენ აქვეყნებთ ვიდეოს;
- TikTok აჩვენებს მას მცირე ჯგუფს (რამდენიმე გამომწერი + შემთხვევითი მომხმარებელი);
- თუ ის კარგად მუშაობს (მაღალი ყურების დრო, მაღალი ჩართულობა), ის ნაჩვენები იქნება უფრო დიდი ჯგუფისთვის (არაგამომწერები);
- ციკლი მეორდება და ასე ყალიბდება ვირუსულობა;
- თუ თქვენი აუდიტორია ერთგულია და რეგულარულად ერთვება, ისინი ხელს უწყობენ ამ ციკლის დაწყებას.
როგორი უნდა იყოს პოსტი
ძირითადი სამუშაო მიდგომა ასეთია: პირველ კვირაში ყველაფერს ამზადებთ. მეორე კვირისთვის კი უკვე უნდა აქვეყნებდეთ. დღეში, სულ მცირე, ერთ ვიდეოს.
სუბტიტრები: ყოველთვის ჩართეთ სუბტიტრები
ვიდეოს აღწერილობები: ჩართეთ საკვანძო სიტყვები და აღწერეთ ვიდეო
ჰეშტეგები: გქონდეთ საშუალოდ სამიდან შვიდ ჰეშტეგამდე და მოერიდეთ საკვანძო სიტყვების სპამს.
კარგი იქნება, თუ კონკრეტულ დედლაინს დაიწესებთ და ამის მიხედვით იხელმძღვანელებთ. ოპტიმალურია ოთხი კვირის აღება, რომლის ფარგლებშიც ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. თუმცა, ტრადიციული SEO-ს მსგავსად, რეიტინგი გრძელვადიანი პროცესია. საბოლოო ჯამში, TikTok-ზე ყველაფერი თანმიმდევრულობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, განაგრძეთ პოსტების გამოქვეყნება. მიჰყევით ტენდენციებს და გაერთეთ.











