დიახ, მონეტიზაციის ახალი ფუნქცია კრეატორებს ფულის გამომუშავების კიდევ ერთ გზას სთავაზობს: Series TikTok-ის ახალი ფუნქციაა, რომელიც კრეატორებს საშუალებას მისცემს, კონტენტი paywall-ის მიღმაც დაპოსტონ, ანუ შეთანხმების, რომელიც წვდომას აძლევს მხოლოდ ფასიანი სერვისების გამომწერებს.
ეს კრეატორებს პრემიუმ კონტენტის კოლექციების გაზიარების საშუალებას აძლევს. „სერია“ შეიძლება 80 ვიდეოს შეიცავდეს, რომელთაგანაც თითოეულის ხანგრძლივობა 20 წუთი იქნება. ეს უკანასკნელი კი კრეატორებს მეტ მოქნილობას მისცემს, მაგალითად, კულინარიული კონტენტის შექმნისთვის. დიახ, TikTok ასე YouTube-ის ტერიტორიებზეც იჭრება…
საინტერესოა ისიც, რომ „სერიების“ ფასს თავად კრეატორები არჩევენ, მათი შეძენა კი პირდაპირ ვიდეოზე დართული ლინკიდან ან კრეატორის პროფილიდან მარტივად იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის მთლიანი თანხა კონტენტის ავტორებს ეკუთვნით, მაგრამ სამომავლოდ, ამბობენ, რომ პლატფორმა საკომისიოს მსგავს გადასახადს დააწესებს.
„ღირებული და გასართობი კონტენტის მრავალფეროვნებით TikTok მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრების ნაწილი გახდა. დღეს კი გაგაცნობთ Series-ს, ახალ გზას კრეატორებისთვის, რათა გააზიარონ სთორები, მათი ნიჭი და კრეატიულობა, როგორც პრემიუმ კონტენტი და ამასთან, გააღრმაონ ურთიერთობა TikTok საზოგადოებასთან“, — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
მსგავსად, TikTok მადლობას უხდის კრეატორებს, რომლებიც აპლიკაციის წარმატების მამოძრავებელ ძალად იქცნენ. დიახ, სწორედ მათ მიერ შექმნილი კონტენტი, მათი ვირუსული ვიდეოები იყო მნიშვნელოვანი აპლიკაციის ზრდისა და პოპულარობისთვის. თანაც, არც ექსკლუზიური კონტენტის იდეაა ახალი კონცეფცია, რადგან ინსტაგრამიც ნებას რთავს კრეატორებს, კონტენტი მხოლოდ გამომწერებისთვის გააზიარონ…
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ახალი ფუნქცია მას შემდეგ გამოდის, რაც TikTok-მა კრეატორთა ფონდის ახალი ვერსია Creativity Program გამოუშვა. ამ უკანასკნელის მიზანი კი კრეატორებისთვის მეტი შესაძლებლობისა და შემოსავლების უზრუნველყოფაა.
მართალია, ამ ეტაპისთვის Series მხოლოდ კონკრეტული კრეატორებისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მომდევნო თვეებში მისით სარგებლობას ყველა შეძლებს.