ონლაინშოპინგის გამოცდილება სულ უფრო ახლდება და მას უკვე TikTok Shop-იც შეემატა. The Information-ის ცნობით, ივლისიდან მოყოლებული, TikTok Shop-ის მთლიანი გაყიდვები 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რადგან ბრენდები ყველგან მიჰყვებიან მომხმარებლებს. ამ შემთხვევაში კი მომხმარებლების დიდი რაოდენობა სწორედ ტიკ-ტოკზეა.
TikTok Shop პირველად აშშ-ში 2023 წლის სექტემბერში გამოჩნდა და თავიდანვე პოპულარობა მოიპოვა. ბრენდებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტების განთავსება TikTok Shop-ზე, რათა გამოჩნდნენ ვიდეოებში, პირდაპირ სტრიმინგებში და TikTok Shop ჩანართზე. იმავდროულად, ინფლუენსერები ხელს უწყობენ აღნიშნული პროდუქტების გარეკლამებას, რა თქმა უნდა, ბრენდთან შეთანხმების შედეგად. ეს აპლიკაციის შიდა სავაჭრო გადაწყვეტაა, რომელიც აერთიანებს საცალო მოვაჭრეებს, ბრენდებს, ხელოვანებსა და კონტენტის შემქმნელებს. გაყიდვა შესაძლებელია ვიდეოების, LIVE ვიდეოების, მაღაზიის ჩანართის და პროდუქტის ჩვენების გვერდის მეშვეობით. მომხმარებლებს კი შეუძლიათ, იშოპინგონ აპლიკაციიდან გამოსვლის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ დღესასწაულებზე TikTok თითქმის გაუტოლდა ელექტრონული კომერციის ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Amazon და Walmart. ის მათ კონკურენციას უწევდა არა მხოლოდ საფასო კატეგორიის მიხედვით, არამედ ბრენდებს შორის ბრძოლითაც, რომლებიც ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის დაესწროთ და განეთავსებინათ ციფრული რეკლამა სოციალურ ქსელში. TikTok-მა ასევე დაასწრო და აწარმოვა შავი პარასკევის აქციები სხვებზე ადრე, რაც სწორი მარკეტინგული გათვლა იყო პლატფორმის მხრიდან.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მომხმარებლები ტიკ-ტოკს ირჩევენ, ისაა, რომ პლატფორმამ დაიპყრო არა მარტო დიდი ბრენდები, არამედ მცირე ბიზნესებსაც მისცა შოპინგსივრცის შექმნის საშუალება. შესაბამისად, მარკეტერები დღეს გვირჩევენ, რომ „წავიდეთ იქ, სადაც ხალხია” და TikTok აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს სტრატეგიაში.
ინდუსტრიის ექსპერტების თქმით, TikTok Shop ლაივრეჟიმში პროდუქციის გაყიდვის ხელახალი დანერგვის მცდელობაა. ის პრაქტიკულია იმ მხრივაც, რომ მისი ეს ფუნქცია პირდაპირ სოციალური ქსელის discovery გვერდზე ჩანს. გარდა ამისა, მისი ცნობილი ჰეშტეგი, #TikTokMadeMeBuyIt დიდ გავლენას ახდენს შესყიდვის გადაწყვეტილებაზე. TikTok Shopping-ის ფუნქციების დანერგვამ კიდევ უფრო გაუადვილა ბრენდებს არა მხოლოდ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია, არამედ უშუალოდ აპში კონვერტაციის განხორციელება.
TikTok Shop მომხმარებლისთვისაც პრაქტიკული ფუნქციონალია. ის შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს შესყიდვისთვის, როგორიცაა ფასი, პროდუქტის აღწერა, რეიტინგები და სხვა. გარდა ამისა, მყიდველებს შეუძლიათ ამ ჩამოთვლილი პროდუქტების აღმოჩენა აპში ოთხი განსხვავებული გზით:
- მაღაზიის ჩანართი, რომელიც მორგებულია მათ ინტერესებსა და მოთხოვნებზე;
2. ვიდეოები, რომლის ყურების დროსაც მყიდველს შეუძლია, აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო ნივთები. ამ ვიდეოებს ახლავს „იყიდე ახლავე” ღილაკიც, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მათ გამოცდილებას;
3. შესაძლებელია პროდუქციის დათვალიერება თავად გვერდზე გადასვლის დროსაც, სადაც კატეგორია products გვხვდება;
4. ლაივსტრიმი – მეოთხე გზაა, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდებსა და შემქმნელებს, მომხმარებელს პირდაპირ ეთერში აჩვენონ გასაყიდი პროდუქტები.
ჯერჯერობით TikTok Shop მხოლოდ შერჩეულ რეგიონებში ფუნქციონირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მას მრავალი დადებითი უპირატესობა აქვს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, არსებობს პროგნოზი, რომ ის ყველგან ხელმისაწვდომი გახდება.