TikTok-ის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია აშშ-ის ტერიტორიაზე. წესით, აპლიკაცია აიკრძალა, რის გამოც უამრავმა ამერიკელმა მილიონობით გამომწერისთვის გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა, თუმცა მცირე დროში აპლიკაცია კვლავაც აღდგა. სანამ ეს საკითხი საბოლოოდ გაირკვევა, მოდით მიმოვიხილოთ, რა პრობლემას შეუქმნის ეს აკრძალვა მილიონობით მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პლატფორმას საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის იყენებენ. მაგალითად განვიხილოთ დეზირე ჰილი, ავტოსერვისის მფლობელი ჯორჯიის შტატიდან. თავდაპირველად, ის მობილურ მექანიკოსად მუშაობდა. TikTok-ზე საკუთარი საქმიანობის შესახებ ვიდეოების გაზიარებამ ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ დიდი სახელოსნოს გახსნა შეძლო, სადაც ახლა რამდენიმე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. მისი თქმით, ყოველდღიურად, სულ მცირე 2-3 ახალი მომხმარებელი ემატება რომლებმაც TikTok-ზე ნახეს მისი ვიდეოები.
მიუხედავად იმისა, რომ TikTok მხოლოდ 2016 წლიდან არსებობს, მცირე ბიზნესები პლატფორმას სხვადასხვა მიზნით იყენებენ – მომხმარებელთა ბაზის გასაზრდელად, რეკლამირებისთვის და პროდუქციის პირდაპირი გაყიდვებისთვის. TikTok-ის შეფასებით, აკრძალვის შემთხვევაში მცირე ბიზნესები ერთ თვეში 1 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს დაკარგავენ.
იუსტიციის დეპარტამენტმა აპლიკაციის ჩინურ მფლობელ კომპანიას, ByteDance-ს, TikTok-ის გაყიდვა ან 19 იანვრამდე აშშ-ში აკრძალვის წინაშე დადგომა მოსთხოვა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე. უზენაესი სასამართლო საკითხს იანვარში განიხილავს. პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, რომელიც თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გადადება სთხოვა.
აკრძალვის შემთხვევაში, მცირე ბიზნესებს მოუწევთ სხვა პლატფორმებზე გადასვლა მომხმარებლების მოსაზიდად. ალტერნატივებად განიხილება Instagram Reels, SnapChat და YouTube Shorts. კარგია, რომ ბრენდების უმეტესობას უკვე აქვს მათზე წარმომადგენლობა, თუმცა მოზარდების მოზიდვა უფრო რთული იქნება, რადგან მათთვის TikTok რჩეული სოციალური მედია პლატფორმაა.
ასევე, ალტერნატივაა მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა ელფოსტებითა და ტელეფონის ნომრებით, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მათთან პრომოციებისა და მარკეტინგული გზავნილების შესახებ. თუმცა, ჰილი შეშფოთებულია, რომ სხვა პლატფორმებს შესაძლოა TikTok-ის მსგავსი მოცვა არ ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მას YouTube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზეც აქვს გვერდები, ამბობს, რომ ეს იგივე არ არის.
კიდევ ერთი მაგალითი – კრისტალ ლისტერი ტეხასის შტატში მდებარე STEM განათლების ინტერაქციული სახელოსნოს მფლობელია. მართალია, ის უკვე გეგმავს YouTube-ზე გადასვლას ვიდეოებისთვის და Instagram Reels-ის გამოყენებას თიზერებისთვის, საიდანაც მომხმარებლებს YouTube-ზე გადაამისამართებს, თუმცა აღნიშნავს, რომ TikTok უფრო მოსახერხებელია.
წყარო: fastcompany