in

TikTok, როგორც სოციალური მედიის ომის საუკეთესო იარაღი

ადამიანები პირდაპირ ეკრანებიდან ადევნებენ თვალს ომში მიმდინარე მოვლენებს…

ინტერნეტ სივრცე ირგვლივ მიმდინარე მოვლენების იდეალური ამსახველი რომ არის, უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით. ენით აღუწერელი საშინელებების ფოტო თუ ვიდეო კადრების ვირუსულად გავრცელებაში არაფერია ახალი, თუმცა ამჟამინდელი კონფლიქტი სოციალური მედიის ომის სრულიად განსხვავებულ სახეობას წარმოადგენს, რაც TikTok-ის ტრანსფორმაციული გავლენით არის გამოწვეული. აპლიკაციამ სამხედრო კადრების მთელი ნაკადი შექმნა — ტანკის მართვის ინსტრუქციები, სროლებს შორის ჩაწერილი ცეკვა და ა. შ.

აღნიშნული აპლიკაციის უპირატესობას მისი მყისიერი ხასიათი წარმოადგენს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი რამ სულ რაღაც რამდენიმე წამში განათავსონ ინტერნეტ სივრცეში. შესაბამისად, გარდა გასართობი ხასიათისა, “ტიკტოკს” ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია — ადამიანები პირდაპირ ეკრანებიდან ადევნებენ თვალს ომში მიმდინარე მოვლენებს.

ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ მაინცდამაინც TikTok და არა ინსტაგრამი ან ფეისბუქი? პასუხი მარტივია: მისი აპს-შიდა რედაქტირება და ფილტრები სხვა პლატფორმებზე მეტად აადვილებს ირგვლივ არსებულის სამყაროს გადაღებასა და გაზიარებას. მარტივად რომ ვთქვათ, ის სწრაფ წარმოდგენებსა და ეფექტებს ქმნის.

“როგორც ანალიტიკოსი, ინფორმაციის 95%-ს ტვიტერიდან ვიღებ. თუმცა ერთი უცნაური ტენდენცია შევნიშნე… გაზიარებული ვიდეოების მნიშვნელოვან ნაწილს TikTok-ის ნიშანი აქვს”, — ამბობს ედ არნოლდი, ევროპული უსაფრთხოების თანამშრომელი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტში (RUSI).

ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სტატისტიკის თანახმად, საათში მინიმუმ 5 მილიონი ვიდეო ქვეყნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგების კადრებს რეალურ დროში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს, რაც ერთგვარ ინფორმაციულ ნაკადს ქმნის. 20-დან 28 თებერვლამდე, რვა დღეში, #ukraine თეგით ვიდეოების ნახვის რაოდენობა 6.4 მილიარდიდან 17.1 მილიარდამდე გაიზარდა.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სისწრაფესა და მასშტაბურ გავრცელებას ნეგატიური მხარეებიც ახლავს თან. შესაძლოა, ლეგიტიმურობის დადგენა გართულდეს. დეზინფორმაციის გავრცელება კი ნამდვილად ემოციური პასუხის გამოწვევის წარმატებულ მცდელობას წარმოადგენს — ეს არის ის, რაც გაბრაზებს, გხდის ემოციურს, ეხება შენს ფსიქიკას.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად, TikTok დამოუკიდებელ ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალურ მედიაში ცრუ ინფორმაცია 6-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე — ნამდვილი. ამის მიზეზად კი სოციუმში ძლიერი ემოციური რეაქციის გამოწვევის სურვილი წარმოადგენს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ სოციალური მედია ნამდვილ იარაღად იქცევა… ჯერჯერობით ტიკტოზე პრო-უკრაინული პროფილები დომინირებს. თუმცა სულ უფრო აქტიურად ჩნდება რუსების, პუტინის მხარდამჭერი თუ ადამიანების დასაშინებელი ხასიათის მატარებელი კონტენტი. და რა ხდება ამ დროს? როდესაც “ნათელი მხარე” წარმოადგენს ყურადღების მთავარ ძალას, სოციალურ სივრცეში სარწმუნო რეალობა ვრცელდება — უკრაინის მაგალითზე ყველამ დაინახა ომის, პუტინის საზარელი სახე. ხოლო რუსული ჯარების პერსპექტივიდან წარმოდგენილი ვიზუალური ნარატივი დეზინფორმაციის, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის გავრცელებას უწყობს ხელს.

ქართველების მეგობარი ზელენსკი

გრევენის მუზეუმში პუტინის ცვილის ფიგურას თავი მოაძვრეს და საწყობში გადაიტანეს