თუ ახალ ფუნქციას კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ TikTok ამჯერად კონკურენციის გაწევას YouTube Music-თან და Shazam-თან ცდილობს. ამას Sound Search-ით აპირებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მუსიკა წამღერებით, ღიღინით ან, ტრადიციულად, მუსიკის ჩართვით იპოვონ. ამგვარად, პლატფორმაზე, რომელშიც მუსიკაზე დაფუძნებული ტრენდები მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ეს ხელსაწყო მეტად გამოსადეგი უნდა იყოს.
უნდა ითქვას, რომ ტიკტოკის Sound Search მსგავსია YouTube Music-ის ხელსაწყოსი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სიმღერის სახელი მარტივად იპოვოთ, ასევე, წამღერებით ან მუსიკის ჩართვით. მართალია, Shazam მუსიკის ამოცნობისთვის ყველაზე კარგი და ცნობილი ხელსაწყოა, მაგრამ TikTok-ისა და YouTube Music-ის ახალი ფუნქციები იმის მიღმაც მიდის, რაც Shazam-შია შესაძლებელი. თუ აპლიკაცია მხოლოდ მუსიკის მოსმენით ადგენს მას, აქ თქვენი ვოკალური შესაძლებლობებიც დაფასდება…
თანაც თუ Shazam და YouTube Music სიმღერების სახელების პოვნაში გეხმარებათ, TikTok-ის ხელსაწყო მხოლოდ ამისთვის არ არის შექმნილი — უკეთესი გამოცდილებისთვის ვიდეოებსაც გაჩვენებთ, რომლებშიც კონკრეტული სიმღერა გამოიყენეს. ამბობენ, რომ რაც უფრო პოპულარულია სიმღერა, მით უფრო სწრაფად ახერხებს Sound Search მის პოვნას, თუმცა დიდად არც თქვენი ნამღერის ამოცნობა უნდა გაუჭირდეს.
აღსანიშნავია, რომ უკვე ბევრი ადამიანი იყენებს ტიკტოკს საძიებო სისტემის მსგავსად. ამ გამოცდილებას კი ეს უახლესი ფუნქცია კიდევ უფრო გააუმჯობესებს. წარმოიდგინეთ, შემდეგ ჯერზე, როცა რაღაც სიმღერა აგეკვიატებათ, არც YouTube Music-ის, არც Shazam-ისა და არც Google-ის გამოყენება მოგიწევთ, ყოველი შემთხვევისთვის TikTok-ში ასე წარმოუდგენიათ… არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მუსიკა წამყვანია ტიკტოკისთვის, სწორედ ამაზე დაფუძნებით აყალიბებენ ტრენდებს და ხდებიან პოპულარული.
თუ ამ ფუნქციაზე წვდომა უკვე გაქვთ, ნავიგაცია აპლიკაციის საძიებო ველიდან უნდა დაიწყოთ, მიკროფონის ნიშნულს დააკლიკოთ და შემდგომ Sound Search აირჩიოთ. თუმცა ტიკტოკის ახალი ფუნქცია ჯერ მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებშია ხელმისაწვდომი, მალე კი, სავარაუდოდ, გლობალურადაც დაინერგება.