Pi-ის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 14 მარტს აღინიშნება, TikTok-მა სპეციალური For You Page-ის შექმნა გადაწყვიტა — ის მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას ეძღვნება. დროთა განმავლობაში აღნიშნულ თეგებზე 110 მილიარდი ნახვა დაგროვდა, რამაც კომპანია იმაში დაარწმუნა, რომ მომხმარებლების ინტერესი სწორედ ამ კუთხითაა მიმართული.
პლატფორმის მომხმარებლების უდიდეს ნაწილს ე. წ. ზეტ თაობა წარმოადგენს — მათი უმეტესობა კი ტიკტოკს ერთგვარ საძიებო სისტემად იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სივრცეში ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. მაგალითად, NewsGuard-ის კვლევის მიხედვით, ვიდეოების დაახლოებით 20% შეიცავს არაზუსტ მასალას. ამიტომ, კონტენტმა, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს, საფუძვლიანი კვლევა უნდა გაიაროს. სწორედ ამაზე იზრუნებს Poynter Institute for Media Studies — ის შეაფასებს წყაროს სანდოობას და შესაბამის ველში განათავსებს.
STEM-ისთვის გამოყოფილი არხი უერთდება ისეთი თემების ველებს, როგორებიცაა სპორტი, ვიდეო თამაშები, მოდა და საკვები. ამ თვის ბოლოს აშშ-ის მომხმარებლებს უკვე სრულად ექნებათ STEM არხზე წვდომა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გავრცელდება განახლება სხვა ქვეყნებშიც.