ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და არასრულწლოვნებს შორის ბარიერების გაზრდაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. სანამ სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ, მოზარდებს აპლიკაციებზე წვდომა შეუზღუდონ, TikTok-ს სულ სხვა გეგმა აქვს: კომპანია თვლის, რომ თინეიჯერების კეთილდღეობაზე ზრუნვა პლატფორმიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, პარამეტრებში ახალი სივრცე – Time and Well-Being გაჩნდა.
სიახლე საკმაოდ მრავალფეროვანია და ის აპლიკაციისგან შესვენების ნაცვლად, აპლიკაციაშივე განტვირთვას გვთავაზობს. მომხმარებლებს ხვდებათ „აფირმაციების დღიური“ 120-ზე მეტი გზავნილით, რაც დღის მიზნების განსაზღვრაში ეხმარებათ – და რაც სოციალური ქსელებისთვის არის დამახასიათებელი, ამ განწყობის გაზიარება მეგობრებისთვისაც შეიძლება. აქვეა „ხმების გენერატორიც“ – თუ მოდუნება გსურთ, შეგიძლიათ წვიმის ან ოკეანის ტალღების ხმებს მოუსმინოთ. TikTok-ის შიდა მონაცემებით, მათი მომხმარებლები ძილის წინ მუსიკას უფრო ხშირად უსმენენ, ვიდრე ისინი, ვინც პლატფორმას არ იყენებს.
ამ ყველაფერს ემატება სუნთქვითი ვარჯიშები და შემეცნებითი ვიდეოები, სადაც კრეატორები ციფრულ ჰიგიენაზე, დროის მართვასა და „ფიდის“ პერსონალიზაციაზე საუბრობენ. კომპანიის თქმით, ტესტირების ეტაპზე ახალმა გვერდმა ძველ ვერსიაზე გაცილებით მეტი ვიზიტორი მიიზიდა, ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი კი აფირმაციების დღიური აღმოჩნდა.
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციონ, TikTok-მა პროცესი თამაშად აქცია. „მისიების“ შესრულებისთვის – მაგალითად, აპლიკაციაში მედიტაციისთვის ან დროის ლიმიტის დაცვისთვის – მომხმარებლები სპეციალურ სამკერდე ნიშნებს იღებენ. როგორც ბლოგპოსტშია აღნიშნული, ფუნქციის ჩაშვების შემდეგ, სპეციალური ინსტრუმენტით უკვე ათობით მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ღამის საათებს ეხება: თუ აპლიკაციას ძილისთვის განკუთვნილ დროს გახსნით, სისტემა შეგახსენებთ, რომ დროა, ამ ახალ სექციას ესტუმროთ.
თუმცა, კრიტიკოსები ამ სიახლეებს სკეპტიკურად უყურებენ და „ტიტანიკზე შეზლონგების გადაადგილებას“ ადარებენ. შარშან TikTok-ს არაერთი სარჩელი შეეხო იმის გამო, რომ ალგორითმი ახალგაზრდები მასზე დამოკიდებულებს ხდის. მართალია, ახალი ინსტრუმენტები უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ აპლიკაციაში ყოფნისას ღრმა სუნთქვის ვარჯიშები ან წამახალისებელი პრიზები გჭირდებათ იმისთვის, რომ მას მოსწყდეთ, შესაძლოა პრობლემა სწორედ თავად აპლიკაციაშია.
წყარო: Fastcompany










