როგორც წესი, არცერთ ბიზნესს არ სურს, მისი მთავარი კონკურენტის „სადისტრიბუციო“ ინსტრუმენტი გახდეს. თუმცა სწორედ ეს დაემართა Instagram-ს, როდესაც TikTok-თან ძლიერი კონკურენცია დაიწყო და საპასუხოდ Reels შექმნა. ხშირ შემთხვევაში აქ განთავსებული ვიდეოები პირდაპირ ტიკტოკიდან არის გადმოტანილი და შესაბამისი ნიშანიც აქვს — არსებითად, ინსტაგრამი კონკურენტს უწევდა პოპულარიზაციას.
Meta-მ ამ საკითხის გადასაჭრელად შესაბამისი ნაბიჯები გადადგა: სხვა აპლიკაციებიდან გადმოტანილი კონტენტი (ანუ, ბრენდირებული ვიდეოები) ნაკლებად ჩანს მომხმარებლებთან. თითქოს, ეს ერთგვარი ხსნა იყო პლატფორმისთვის, მაგრამ საკითხი კვლავ გააქტიურდა Wall Street Journal-ის მოხსენების წყალობით — მის თანახმად, Reels-ის ვიდეოების თითქმის მესამედი იქმნება ტიკტოკზე. მიუხედავად იმისა, რომ Instagram-ის ალგორითმი „ამცირებს“ ამ ვიდეოების ნახვებს, ზღუდავს მათ აუდიტორიას, გადამუშავებული ვიდეოები, როგორც ჩანს, აქტუალურ პრობლემად რჩება.
ამის ფონზე ინსტაგრამს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ და დასცინიან. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც კამპანიაც კი შეიქმნა — “Make Instagram Instagram Again“. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხედულებას მეტად ამძაფრებს ვიზუალური მხარე, კერძოდ, ვიდეოებზე აღბეჭდილი ტიკტოკის ნიშანი. მომხმარებლებს ისეთი განცდა უჩნდებათ, რომ ამ სოციალურ მედიას უბრალოდ „მეორად“, დამატებითი კონტენტის შესაქმნელად იყენებენ. ამიტომაცაა, რომ YouTube თავისი Shorts ვიდეოებისთვის სპეციალურ ნიშანს გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ თავად TikTok-ის ნიშანი დიდად არ შეცვლილა კომპანიის დაარსებიდან ნახევარი ათეული წლის განმავლობაში. „დიზაინერი შთაგონებული იყო როკ კონცერტით, ბნელი დარბაზით და განათებული სცენით“, — წერია ბრენდის სააგენტო Logaster-ის ვებგვერდზე. შედეგად, ეს ლოგო არა მხოლოდ ბრენდის, არამედ დღევანდელი თაობის ბრენდირებასაც წარმოადგენს.