TikTok ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც აპლიკაციაში ძიებისას არც მეტი, არც ნაკლები, Google Search-ის შედეგებს მოგაწვდით. როგორც გვეუბნებიან, ტიკტოკის საძიებო გვერდზე, კონკრეტულად კი შუა ნაწილში, პატარა „ყუთი“ იქნება ნაჩვენები, რომელიც მომხმარებლებს იგივე ტერმინით გუგლში ძიებას შესთავაზებს. მართალია, ჯერ მხოლოდ სატესტო რეჟიმია, მაგრამ Google Search-თან პარტნიორობა საინტერესო რამდენიმე მიზეზის გამოა. თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები, რომლებიც ადრე გუგლს იყენებდნენ, ახლა TikTok-სა და Instagram-ზე გადაერთნენ.
„ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ, ახალი ინტერნეტის მომხმარებლებს არ აქვთ ის მოლოდინები და აზროვნება, რომელსაც ჩვენ აქამდე შეჩვეულები ვიყავით. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა მომხმარებლების თითქმის 40% აღარ მიმართავს Google Maps ან Search-ს, რათა ლანჩისთვის კარგი ადგილი შეარჩიონ“, — აცხადებს ფრაბაკარ რაგავანი, გუგლის ვიცე-პრეზიდენტი.
ამასთან, გასულ კვირას ისიც გავიგეთ, რომ TikTok საძიებო შედეგებში ვიკიპედიის ინტეგრირებას გეგმავს… რადგანაც აპლიკაცია ყველა მიმართულებით ერთდროულად გაფართოებას ისახავს მიზნად, აშკარაა, მას აქვს ამბიციები, ერთადერთი ონლაინ სივრცე გახდეს მომხმარებლებისთვის, სადაც მათ ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლებათ. ასე ვთქვათ, ცდილობენ ცეკვის ვირუსული ვიდეოების მიღმაც გავიდნენ და ვინ იცის, შეიძლება ეს ახალ სეგმენტზე გასვლის მცდელობაც იყოს…