TikTok მუსიკალურ ინდუსტრიაში პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს და მადონასთან გლობალურ პარტნიორობას აანონსებს. კოლაბორაციის მიზანი მომღერლის უახლესი ალბომის, Confessions II-ის მხარდაჭერაა. პლატფორმის წარმომადგენლების თქმით, ეს იქნება მრავალეტაპიანი საერთაშორისო კამპანია, რომელიც რამდენიმე ცოცხალ აქტივობას გააერთიანებს 3 ივლისს დაგეგმილ ოფიციალურ რელიზამდე.
ექსკლუზიური პრემიერა და ინტერაქტიული ინსტრუმენტები ფანებისთვის
სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი 2 ივლისს დაგეგმილი ექსკლუზიური ეთერია. მადონა ლონდონში გამართული წვეულებიდან პირდაპირ რეჟიმში შეუერთდება iHeartRadio-სა და TikTok LIVE Premiere-ის ერთობლივ პლატფორმას. ერთი საათის განმავლობაში მსმენელს ექნება შანსი, ოფიციალურ პრემიერამდე ერთი დღით ადრე მოისმინოს ახალი მუსიკა. ამ საინტერესო საუბარს ბობ ზე დრაგ ქვინი გაუძღვება, რაც მაყურებელს შემოქმედებითი პროცესის, ინსპირაციებისა და კულუარული ამბების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
გულშემატკივრებისთვის პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული იქნება, რადგან მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი იკონები და პირდაპირ ეთერში დასვან კითხვები. გარდა ამისა, ფანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, iHeartRadio-ს ციფრული სადგურის საშუალებით საკუთარი აღსარებები მადონას გაუზიარონ, თავად ღონისძიება კი ამერიკის მასშტაბით ორასზე მეტ რადიოსადგურზე გადაიცემა.
ონლაინ სივრციდან რეალურ პოპ-აპებამდე
მარკეტინგული კამპანია მხოლოდ ციფრულ სამყაროს არ გულისხმობს. TikTok ნიუ-იორკსა და ლონდონში სპეციალურ საგამოფენო და სავაჭრო სივრცეებს მოაწყობს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ ალბომის თემატიკით შექმნილი ექსკლუზიური მერჩის, მათ შორის შეზღუდული ტირაჟით გამოშვებული ვინილების შეძენა და უნიკალური კონტენტის შექმნა. პარალელურად, თავად აპლკაციაში ამოქმედდება სპეციალური გვერდი, სადაც მომხმარებლებს ინტერაქტიული დავალებები, თემატური ჩარჩოები და სხვადასხვა ჯილდოები ელოდებათ.
ეს პარტნიორობა TikTok-ისთვის შესაძლებლობა იმ კუთხით არის, რომ პლატფორმა მუსიკის აღმოჩენისა და გულშემატკივართა გაერთიანების მთავარ ცენტრად ჩამოყალიბდა. მადონას აპლიკაციაში 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც მუდმივად ხელახლა აღმოაჩენენ და აცოცხლებენ მის შემოქმედებას. ამ მასშტაბური პროექტით კი TikTok კიდევ ერთხელ გეგმავს საკუთარი ლიდერული პოზიციის გამყარებას მუსიკის ციფრული აღმოჩენის მიმართულებით.
წყარო: Socialmediatoday













