როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერი ლოკაცია ბევრად უფრო ესთეტურად გამოიყურება, თუ უბრალოდ ვიტყვით, რომ ის იაპონიაშია. სწორედ ამ დაკვირვებას ეფუძნება TikTok-ის ახალი ტრენდი, რომელსაც ინტერნეტსივრცეში უკვე „იაპონიის ეფექტის“ სახელით იცნობენ.
ყველაფერი ძალიან მარტივადაა: მომხმარებლები ორ იდენტურ ფოტოს აზიარებენ. ერთს რეალური ადგილმდებარეობა აწერია, მეორეს კი – „ტოკიო, იაპონია“. მიუხედავად იმისა, რომ კადრები, ფაქტობრივად, ერთნაირია (თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ფერები ოდნავ „შერბილებულია“), „იაპონიის ეფექტი“ იმდენად მიმზიდველია, რომ უბრალო გეოლოკაციაც კი რადიკალურად ცვლის ჩვენს აღქმას. ჩვეულებრივი ქუჩა ან ამერიკული გარეუბანი უცებ რაღაც იდუმალ, მიმზიდველ ადგილად იქცევა.
კომენტარებს თუ გადავხედავთ, ხალხი გულწრფელად აღიარებს, რომ მეორე ფოტო უფრო მოსწონთ. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამ ტრენდმა საკუთარი დამოკიდებულებები გადაააფასებინა და დაანახა, რამდენად მიკერძოებულები არიან იაპონური ესთეტიკის მიმართ. თითქოს, წარწერა „იაპონია“ ავტომატურად რთავს ტვინში სილამაზის აღქმის ფილტრს.
თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქმე სულაც არ არის იაპონიაში. ეს უფრო იმ ძველი ჭეშმარიტების ახლებური ინტერპრეტაციაა, რომლის მიხედვითაც „სხვის ეზოში ბალახი ყოველთვის უფრო მწვანეა“. ეს არის მომენტი, როცა რუტინულ ყოფას რომანტიკული თვალით ვუყურებთ. სინამდვილეში, ამერიკაც (და ნებისმიერი სხვა ქვეყანაც) მშვენიერია, უბრალოდ, ყოველდღიურობა გვიქმნის ფსიქოლოგიურ ბარიერს, რაც ხელს გვიშლის, დავაფასოთ ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ. როგორც ერთი ინტერნეტმომხმარებელი ზუსტად შენიშნავს, საკუთარ სახლშიც კი შეიძლება მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება: თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს Airbnb-ის ნაქირავები ბინაა, უცებ ყველაფერი უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება.
და მაინც, „ამერიკის ეფექტი“ ასეთი შარმით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. იაპონიას აქვს რეპუტაცია, რომ ნებისმიერი რამ „უფრო მაგარი“ გახადოს. ცნობილი ქსელი 7-Eleven-იც კი იაპონიაში სულ სხვა განზომილებაა.
ეს ვირტუალური ეფექტი რეალურ სამყაროშიც მძლავრად იგრძნობა. იაპონური კულტურა მორიგ რენესანსს განიცდის. დაწყებული Netflix-ზე ანიმეს ბუმით, სადაც ბოლო ხუთ წელიწადში ნახვები გასამმაგდა, დამთავრებული მაჩას ჩაის პოპულარობით. შეერთებულ შტატებში მაჩას გაყიდვები 86%-ით გაიზარდა და ეს მწვანე სასმელი უკვე ცხოვრების სტილის განუყოფელ აქსესუარად იქცა.
ბუნებრივია, ეს ტურისტულ ნაკადებზეც აისახა. ზეტ თაობისა და მილენიალების ვიზიტები იაპონიაში 2019 წლის შემდეგ 1300%-ით გაიზარდა. Titan Travel-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, იაპონია სოციალურ მედიაში ყველაზე პოპულარული ქვეყანაა – 184 მილიონი პოსტით ინსტაგრამზე და 15 მილიონზე მეტი ჰეშთეგით ტიკტოკზე.
საბოლოო ჯამში, უცხო ქვეყნების რომანტიზება და ეგზოტიკად ქცევა მოგზაურობის მთავარი მოტივატორია. „იაპონიის ეფექტიც“ ხომ მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნება – ჩვენ საკუთარ ქვეყანას და ყოველდღიურობას ხშირად სტრესთან, რუტინასთან და პრობლემებთან ვაკავშირებთ, იაპონია კი ჩვენს გონებაში იდეალურ, ესთეტურ თავშესაფრად რჩება.
წყარო: Fastcompany










