in

TikTok-ის ახალი წესები — აი, რა უნდა იცოდეთ

ტიკტოკი თავისივე Community Guidelines-ის განახლებისთვის ემზადება, რომელიც სოციალური ვიდეო პლატფორმაზე არსებობის წესებს განსაზღვრავს და იმ სტანდარტებსაც გვაცნობს, რომლითაც კონტენტის For You-ზე გაშვებას წყვეტს ხოლმე. მართალია, უმეტესად განახლება არსებულ ტექსტებს ამარტივებს, მაგრამ ახალ ვერსიაში მაინც არის რამდენიმე საკითხი გამოკვეთილი, მათ შორის ის, თუ როგორ ანიჭებს ტიკტოკი უპირატესობას თავის ბაზარს, როგორ ცდილობს თითოეულ მომხმარებელს მოარგოს გამოცდილება და როგორ ახორციელებს მცირე ცვლილებებს AI კონტენტის დაშვების კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ დღეს სოციალური მედიის კომპანიებს მსოფლიო მასშტაბით მთელი რიგი რეგულაციების დაცვა უწევთ, იქნება ეს გაერთიანებული სამეფოს Online Safety Act (OSA), ევროკავშირის Digital Services Act (DSA) თუ ამერიკის TAKE IT DOWN Act…

TikTok-ის ამჟამინდელი ცვლილებები კი, რომლებიც 2025 წლის 13 სექტემბერს ამოქმედდება, განახლებულ წესებს მოიცავს TikTok LIVE-ის კრეატორებისთვის — კომპანია შეახსენებს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ყველაფერზე, რაც ლაივის დროს მოხდება, იქნება ეს მესამე მხარის ხელსაწყოები, რეალურ დროში თარგმნისა თუ ხმის ტექსტად გარდაქმნის ხელსაწყოების ჩათვლით. აფრთხილებს, თვალი ადევნონ ამ ინსტრუმენტებს და დარწმუნდნენ, რომელიმე მესამე მხარის მომსახურებებისთვის დაწესებულ წესებს ხომ არ არღვევს. 

საყურადღებოა ახალი წესები კომერციული კონტენტისთვისაც. გვეუბნებიან, რომ იმ კონტენტის ხილვადობა შემცირდება, რომლებიც მომხმარებლებს უბიძგებს შეიძინონ პროდუქტები პლატფორმის მიღმა იმ ბაზრებზე, რომლებშიც TikTok Shop ხელმისაწვდომია.

ტიკტოკმა საუბარი მომხმარებელთა ძიების შედეგების მორგებაზეც დაიწყო. თუ აქამდე ძიების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის რელევანტური იყო, ახალი წესების მიხედვით, ძიების შედეგები და რეკომენდაციები ყველა მომხმარებლისთვის განსხვავებული გახდება. აღნიშნული თქვენს წარსულ აქტივობებს დაეფუძნება პლატფორმაზე, მათ შორის ძიებებს და კონტენტს, რომელსაც უყურებთ. 

ამასობაში კომენტარებსაც პერსონალიზებულს ხდიან — ისეთი მახასიათებლების მიხედვით დალაგდება, როგორებიცაა წარსულში თქვენ მიერ გაცემული პასუხები, მოწონებები და რეპორტები. ეს იმას ნიშნავს, რომ კომენტარების სექციასაც ყველა მომხმარებელი სხვადასხვანაირად დაინახავს.

რაც შეეხება AI კონტენტის სექციას, დრამატულად არ შეცვლილა, თუმცა ახლა უკეთ გადმოგვცემენ, რა ტიპის კონტენტი არ არის დასაშვები. აქამდე ტიკტოკმა აკრძალა კონტენტი, რომელიც აზიარებდა ან აჩვენებდა ყალბ ავტორიტარულ წყაროებსა თუ კრიზისებს, არასწორად წარმოადგენდა საჯარო ფიგურებს კონკრეტულ კონტექსტში. აღნიშნული ბულინგს, მხარდაჭერის მიღებასა თუ გაცემასაც შეეხებოდა. ახლა კი ნარატივი შემდეგნაირად შეიცვალა: ტიკტოკი არ გაძლევთ იმგვარი კონტენტის განთავსების შესაძლებლობას, რომელიც შეცდომაში შემყვანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებით ან საზიანოა ინდივიდებისთვის

ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმძღვანელო პრინციპების ენა გამარტივებულია, მაგალითად, For You feed (FYF) Eligibility Standards-ის შემთხვევაში დაუშვებელი კონტენტის გრძელ სიას აღარ შეხვდებით — სანაცვლოდ, ეს ინფორმაციები სხვადასხვა განყოფილებაში თემატურად გადანაწილდება. 

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ტიკტოკმა შეცვალა მიზეზები, რომლითაც განმარტავს, თუ რატომ ერთვება კონტენტის მოდერაციაში. თუ ადრე აცხადებდა, რომ პროცესი პლატფორმას უსაფრთხოს, სანდოსა და ცოცხალს ხდიდა, ახლა კონტენტის მოდერაციას აღწერს პროცესად, რომელიც ტიკტოკს უსაფრთხო, სახალისო და შემოქმედებით სივრცედ აქცევს ყველასთვის.

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

Amazon-ის სარეკლამო ბიზნესი 22%-ით გაიზარდა, შემოსავალმა 15.7 მილიარდი დოლარი შეადგინა