Twitter-ის ცვლილებების კვალდაკვალ კომპანიები უკვე X-ის მომხმარებლების გადმობირებას ცდილობენ, ზოგმა სპეციალური აპლიკაცია შექმნა, მაგალითად მეტამ Threads გაგვაცნო, ზოგიც კი არსებული ფუნქციების ტვიტერისთვის, უფრო სწორად, X-ისთვის მიმსგავსებას აპირებს. მათ შორის TikTok-იც აღმოჩნდა, რომელსაც ვიდეოების კონტენტის კონკურენციაში ტექნოლოგიური გიგანტები კი ვერაფერს აკლებენ, მაგრამ ახლა იგი მხოლოდ ტექსტებზე დაფუძნებულ პოსტებს გვთავაზობს.
დიახ, ტიკტოკში განაცხადეს, რომ მომხმარებლებს ტექსტზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის საშუალებას მისცემენ, რაც კრეატორთა საზღვრებსაც გააფართოებს აპლიკაციაში. ხოლო იმ კრეატიულ კომენტარებსა თუ სათაურებს, რომლებიც ხშირად ვიდეო კონტენტის მიღმა იმალება, აპლიკაციაში გაბრწყინების საშუალებას მისცემს.
მეტიც, მომხმარებლებს პოსტებზე ფერადი ფონებისა და სტიკერების დამატებაც შეეძლებათ, სიტყვების ლიმიტი კი 1000-ს უდრის. პოსტებზე კომენტარების დაწერასაც შეძლებთ, რითაც ტიკტოკი მხოლოდ ტვიტერს კი არა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტასაც ბაძავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტიკტოკს თითქმის მილიარდი მომხმარებელი ჰყავს მაშინ, როცა ინსტაგრამისთვის ეს მაჩვენებელი 2.3 მილიარდს უდრის. თუმცა მისი აუდიტორია ინსტაგრამის მომხმარებლებზე ახალგაზრდაა — გაერთიანებული სამეფოს მონაცემების მიხედვით, TikTok ნომერ პირველი ახალი ამბების წყაროა 12-15 წლის ახალგაზრდებისთვის, რასაც შემდგომში YouTube და Instagram მოსდევს…