„წერას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“, – ამბობს მწერალი, ტიმ დენინგი და 5 წლის განმავლობაში მუდმივად ამ საქმით დაკავებული, მზაობას გამოთქვამს, 2 წუთში გაგვიზიაროს ის 30 გაკვეთილი, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე რჩევის სტატუსს თავისუფლად ირგებს:
- იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორიას ისე მოეპყრობი, როგორც დედა ზრუნავს საკუთარ შვილზე, ადამიანებს შენს ერთგულ მკითხველებად აქცევ;
- ყველა ერთსა და იმავეს ამბობს. ამოცანა ისაა, სათქმელს როგორ იტყვი, ამბებს როგორ, რა ფორმით მოჰყვები;
- მრავალრიცხოვანი მკითხველი არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანი ისაა, ერთ ადამიანს მაინც თუ დაეხმარე?
- ხშირი წერა, საბოლოოდ, ხარისხზე აისახება;
- ამიტომაც, მუდმივად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, დროის წერისთვის დათმობა საშუალებაა, რომ მუშაობის საკუთარი სტილი, ხელწერა გამოიმუშაო და ასე, ეს პროცესი გაამარტივო;
- წერის დაწყება რთულია;
- ფულის გამო ნუ დაწერ. შეგაძულებს შენს საქმეს;
- პასუხისმგებლობა აიღე, რომ წერის პროცესს რამდენიმე წელს მიუძღვნი…
- არ შეხედო შენი ვებგვერდის სტატისტიკას, შფოთს მოგგვრის და თვითშეფასებასაც დაგიგდებს;
- რამდენად ხარისხიანი ან ვირუსული იქნება შენი ნაშრომი, ვერ იწინასწარმეტყველებ;
- ადამიანები შენს ნაწერებს სამყაროს შესახებ შენი წარმოდგენების გამო კითხულობენ;
- ყურადღების მისაქცევად წერა კარგად წერის მტერია;
- დღეები, როცა წერა არ გინდა, მაგრამ მაინც წერ, როგორც წესი, უფრო ნაყოფიერია;
- რაც უფრო მეტად ცდი, რომ კარგად წერო, უფრო მეტი ნაწერი გაგიცრუებს იმედს. უბრალოდ, წერე;
- მოერიდე ბლოგის ქონას იმიტომ, რომ აქ ყურადღების გაფანტვის არაერთი ხელსაწყო გელოდება: SEO, მარკეტინგი, ჩარჩო, ტრაფიკი… ეს ყველაფერი შენს ფოკუსს ბუნდოვანს გახდის და წერას შეგაწყვეტინებს;
- იცოდე, რომ ზოგიერთს შენი ნაწერი მოეწონება, ზოგიერთი კი – შეიძულებს. ადამიანებს ვერ აიძულებ შენი ნაწერების შეყვარებას. ამიტომ, უბრალოდ, გამოაქვეყნე, ბევრი ფიქრის გარეშე;
- გამოქვეყნების ღილაკი პროფესიონალებს ყოფს მოყვარულებისა და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც „შეუძლიათ, გახდნენ პროფესიონალები“, ან „პროფესიონალები იქნებოდნენ“. ამიტომ, დააჭირე გამოქვეყნების ღილაკს!
- გააზიარე პრაქტიკული, „როგორ“ ტიპის სახელმძღვანელოები, ვთქვათ, როგორ მიაღწიე გარკვეულ მიზანს;
- გახსოვდეს, შენც ჩვენნაირი ხარ;
- ნუ იქნები წარმოდგენილი ყველა სოციალურ მედიაპლატფორმაზე აირჩიე ერთი;
- მესიჯებს უპასუხე და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაის პროცესში ჩაერთე;
- შენს თანამედროვე მწერლებს შეხედე, როგორც მეგობრებს და არა – მტრებს. ჩვენ სხვების დაფასებით ვიზრდებით;
- ცოტა ხნით წერისგანაც შეისვენე ხოლმე;
- მკითხველების მიმართ იყავი იმდენად ემპათიური, რამდენადაც შესაძლებელია;
- რაც ერთი წლის წინ დაწერე, მომავალში არარელევანტური იქნება. შენი წერის ხარისხი შეიცვლება ზუსტად ისე, რა პროგრესიც ცხოვრებაში გექნება;
- „მოწონების“ ღილაკს არასდროს გაუბედნიერებია ვინმე;
- შენ ვერ იქნები ყოველთვის მართალი და შენ არ შეგიძლია ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთება. შემწყნარებელი იყავი საკუთარი თავის მიმართ;
- ტროლები და ე.წ. ჰეითერებიც მოვლენ და შენთვის საუკეთესო სტრატეგია მათი პატიება იქნება;
- მწერლის მიზანია, რომ მკითხველი: გაართოს, გააცინოს, პრაქტიკული რჩევა გაუზიაროს, შთააგონოს და სხვ.
- მწერალი, რომელსაც ახასიათებს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები, არის: ემპათიური, კეთილი, ჰუმანური და მიმტევებელი. ივარჯიშე ამაზე.
და ბოლო ლუკმა
საუკეთესო ნაწერი იქმნება მაშინ, როცა მწერალს აქვს გამბედაობა, ტკივილი გამოხატოს იმ მგრძნობელობით, რომლის ქონის შესახებაც აქამდე წარმოდგენა თავადაც არ ჰქონდა.












