კანადაზე ზოგს ლამაზი დროშა ახსენდება პირველი, ზოგს ჰოკეი და ზოგსაც ფინჯანი ყავა Tim Hortons-ისგან. ხელმისაწვდომი ყავით, დონატებითა და თბილი საზოგადოებრივი ატმოსფეროთი ცნობილი Tim Hortons არა მხოლოდ სწრაფი კვების ქსელია, არამედ კანადის კულტურული სიმბოლოც.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ გახდა ის ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი? ვეცდებით, ამ კითხვას ქვემოთ ვუპასუხოთ.
კაცი, სახელად, ტიმ ჰორტონი
ბრენდის თანადამფუძნებელია მაილს გილბერტ „ტიმ“ ჰორტონი, პროფესიონალი ჰოკეისტი ეროვნული ჰოკეის ლიგაში. (NHL). ჰორტონმა NHL-ში 24 სეზონი ითამაშა და ცნობილი იყო თავისი ძალით, დისციპლინითა და შრომისმოყვარეობით.
1964 წელს ჰორტონმა თავისი პირველი დონატებისა და ყავის მაღაზია გახსნა ჰამილტონში. ამ საქმეში იგი დაუპარტნიორდა ბიზნესმენ რონ ჯოის. თავდაპირველად ობიექტს დაერქვა „ტიმ ჰორტონ დონატსი“, მაღაზია ორიენტირებული იყო ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ახალი ყავისა და დონატების მცირე არჩევანის შეთავაზებაზე.
1967 წელს, ავტოკატასტროფაში ტიმ ჰორტონის გარდაცვალების შემდეგ, რონ ჯოისი კომპანიის ერთადერთი მფლობელი გახდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პატარა მაღაზია ეროვნულ ფრანშიზად ექცია.
1970-იანი წლებისთვის ჯოისმა დაამკვიდრა მოდელი, ბრენდს კანადაში სწრაფად განვითარების საშუალება მისცა. კომპანია ფოკუსირებული იყო მარტივ, ხელმისაწვდომ შეთავაზებებზე, რომლებიც მიმზიდველად გამოიყურებოდა ნებისმიერი ფენის კანადელისთვის. პირველი პროდუქტი იყო ყავა და დონატები, მერე კი დაემატა სუპები და სენდვიჩები.
ბრენდის აღზევება
1980-იანი და 1990-იანი წლებისთვის Tim Hortons კანადის წამყვანი ქსელი გახდა, რომელმაც კანადის ბაზარზე ისეთი საერთაშორისო კონკურენტები გაუსწრო, როგორიცაა Dunkin’ Donuts და McDonald’s.
ბრენდი ძირითადად აქცენტს აკეთებდა:
- საზოგადოების ჩართულობაზე (ახალგაზრდული ჰოკეის და საქველმოქმედო ორგანიზაციების სპონსორობა)
- ხელმისაწვდომ ფასებზე
- პროდუქტის ხარისხისა და მომსახურების თანმიმდევრულობაზე
1994 წელს, Tim Hortons გაერთიანდა Wendy’s-თან, ამერიკულ სწრაფი კვების ქსელთან, რათა მოეპოვებინა რესურსები აშშ-ს ბაზარზე გაფართოებისთვის. პარტნიორობა გაგრძელდა 2006 წლამდე. ამ დროს ბრენდი ტორონტოსა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე გამოჩნდა.
მენიუს მრავალფეროვნება
ბრენდის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა თავად იმ პროდუქტებმა, რომლებსაც ის ხალხს სთავაზობდა. ყავითა და დონატებით დაწყებული მენიუ მუდმივად ფართოვდებოდა სიახლეებით და მალე მოიცვა ვრეპები, მაფინები, ცივი ყავა და ესპრესოს ბაზაზე დაფუძნებული სასმელები.
ამ მრავალფეროვნებამ ხელი შეუწყო, კონკურენცია გაეწია სხვებისთვის, მათ შორის, Starbucks-ისთვის და, ამავე დროს, შეენარჩუნებინა მისაღები ფასები, რაც მისი ნიშა იყო და არის.
რატომ უყვართ Tim Hortons მომხმარებლებს
ჩვენ მოვიძიეთ, თუ რას ამბობენ ბრენდის პროდუქტზე მომხმარებლები და რა რეალური გამოცდილება დგას იმ მარკეტინგული აქტივობების უკან, რასაც Tim Hortons აწარმოებს.
უმრავლესობისთვის საყვარელი ყავაა Double-Double – ყავა ორი ნაღებით და ორი შაქრით იმდენად პოპულარული გახდა, რომ კანადის ოქსფორდის ლექსიკონშიც კი შევიდა. მომხმარებლები მას იმის გამო აქებენ, რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს, თუმცა ძალიან ნაცნობი და კარგი გემო, რომელიც სიამოვნებით ხდება ყოველდღიური რუტინის ნაწილი.
ბევრი მომხმარებელი საუზმეს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ სენდვიჩები, ბეიგელი და ვრეპები მათი ფავოროტია და, განსაკუთრებით, მგზავრობის დროს ძალიან მოსახერხებელი და გემრიელი ხემსია.
საერთაშორისო გაფართოება
2014 წელს Tim Hortons შეიძინა Restaurant Brands International-მა (RBI), Burger King-ის, ხოლო მოგვიანებით, Popeyes-ისა და Firehouse Subs-ის მშობელმა კომპანიამ. 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგების მიზანი იყო Tim Hortons-ის გლობალურ გაფართოებაში დახმარება, განსაკუთრებით აშშ-ში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
დღეს უამრავი ადამიანისთვის Tim Hortons არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც შეიძლება ჭამა ან ყავის დალევა — ეს ყოველდღიური ცხოვრების, პირადი რუტინისა და ტრადიციების ნაწილია. სწორედ ეს კავშირი ხდის ბრენდს ასეთ ძლიერს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.














